მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძე PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა - რა განიხილეს?

შეხვედრა

"ქართულო ოცნების" მთავრობის პრემიერს, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კობახიძე დელეგაციას ესაუბრა მათ შორის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე.

"შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

პრემიერ-მინისტრი დელეგაციას დეტალურად ესაუბრა მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და პროცესის მართვის მიზნით სახელმწიფო უწყებების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო სისტემის საბოტაჟის მცდელობაზე და განაცხადა, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების მიზანმიმართული დასუსტების მცდელობას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება",- წერია პრესრელიზში.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ X-ში დაწერა, რომ შეხვედრა საინტერესო იყო.

„საინტერესო შეხვედრა მქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან/თანამომხსენებლებთან საქართველოს საკითხებში: კლოდ კერნსა და ედიტ ესტრელასთან. შეხვედრაზე ერთმანეთს გავუზიარეთ მნიშვნელოვანი მოსაზრებები და განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ჩვენი დისკუსია კონცენტრირებული იყო ძირითად საკითხებზე, მათ შორის ჩვენი დემოკრატიული რეფორმის დღის წესრიგსა და ევროპის საბჭოს როლზე საქართველოს ევროპული გზის ფარგლებში“, - დაწერა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლები: კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC) საქართველოს 14-16 იანვარს ეწვივნენ. მისიის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე. მისიის შესახებ პრესრელიზში ხაზგასმული იყო, რომ ეს რეგულარული მონიტორინგის ვიზიტია და შეხვედრები არ უნდა ჩაითვალოს ლეგიტიმურობის პოლიტიკურ მხარდაჭერად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები