პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" მთავრობის ორი ახალი მინისტრი შესაბამისი უწყებების თანამშრომლებს გააცნო.
კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საგარეო უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ პრემიერი საგარეო უწყებაში უკანა შესასვლელიდან შევიდა და პარალელურად შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
"მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მაკა ბოჭორიშვილის გამოცდილებას და აღნიშნა, რომ ის არის წარმატებული დიპლომატი, რომელიც 20 წელიწადზე მეტია, ამ სფეროში საქმიანობს. ირაკლი კობახიძემ ყოფილ მინისტრს, ილია დარჩიაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის მუშაობას სხვა მიმართულებით განაგრძობს, რის შესახებაც მოგვიანებით გახდება ცნობილი",- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღესვე, კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი, დავით სონღულაშვილი წარუდგინა თანამშრომლებს.
"უწყების თანამშრომლებთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა დავით სონღულაშვილის მრავალწლიან გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ახალი მინისტრი კარგად იცნობს სფეროს და ის წარმატებას მოუტანს ქვეყანას როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
პრემიერ-მინისტრმა სამინისტროს მიღწევებში ყოფილი მინისტრის, ოთარ შამუგიას წვლილზეც ისაუბრა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.
იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ანრი ოხანაშვილის პროფესიულ გამოცდილებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტია.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანრი ოხანაშვილი წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობდა არაერთი მიმართულებით და იქნება წარმატებული იუსტიციის მინისტრი.
ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის რატი ბრეგაძეს მადლობა გადაუხადა.