მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონსტიტუციის 3 მუხლი, რომელთანაც ე.წ. "ბიზნესის დუმილის კანონი" წინააღმდეგობაში მოდის - ბიზნესმენის სარჩელი

საკონსტიტუციო

კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ელი პუნქტი, კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი და კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი - ეს არის საქართველოს კონსტიტუციის ის სამი მუხლი, რომელთა მიმართებითაც ფიტნეს-კლუბ "რეფორმერ ფიტნესის" და მისი დამფუძნებლის, ბიზნესმენ გიორგი ფუტკარაძის საკონსტიტუციო სარჩელის თანახმად, ე.წ. "ბიზნესის დუმილის კანონი" წინააღმდეგობაში მოდის.

გიორგი ფუტკარაძემ, უფლებადამცველებთან ერთად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი დღეს შეიტანა. მოსარჩელე შუამდგომლობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153¹³-ე მუხლი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355³-ე მუხლის მოქმედება - სწორედ ეს ორი მუხლია სადავო და ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით, ხოლო იურიდიული პირის პასუხისმგებელი პირი ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

საქმე ის არის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2026 წლის 4 მარტს განხორციელებული ცვლილებებით, სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდა მეწარმე იურიდიული პირის მიერ და ამ იურიდიული პირის პასუხისმგებელი პირის მიერ ამავე იურიდიული პირის სახელით ან ამ სახელის მეშვეობით (გამოყენებით) “საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული ამ იურიდიული პირის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან”. პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებული ან განსახორციელებელი ისეთი საქმიანობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული, აგრეთვე ისეთი საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

როგორც საკონსტიტუციო სარჩელშია აღნიშნული, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, “აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია”.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება განსაზღვრავს პირის ქცევის სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად განსაზღვრისა და პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს.

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მეწარმეობის თავისუფლება [...] წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს. აღნიშნული ვალდებულებით სახელმწიფო მხარს უჭერს თავისუფალი ეკონომიკის პრინციპს, რომელშიც არა მარტო მეწარმეობის ასპარეზია თავისუფალი ნებისმიერი ქმედუნარიანი სუბიექტისათვის, არამედ თავად მეწარმეობაა თავისუფალი. მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობების სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება“.

"შპს “რეფორმერ ფიტნესი” და მისი დირექტორი, რომელიც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ხშირად გამოხატავს მის შეხედულებებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ სამართლებრივ პროცესებზე. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საკუთარ პოზიციას გამოხატავს შპს “რეფორმერ ფიტნესი”-ც როგორც იურიდიული პირი, მის სოციალურ ქსელებსა თუ სხვა პლატფორმებზე. სადავო ნორმებით მოსარჩელეს ეკრძალება საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ სამართლებრივ პროცესებზე კომენტირება და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის მიღება როგორც ბიზნესმენს და როგორც ბიზნეს სუბიექტს(იურიდიულ პირს). მოსარჩელის პოზიციით, მსგავსი შეზღუდვა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებას - გამოხატვის თავისუფლებას. ამასთან, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმები იმდენად ბუნდოვანია, რომ შეუძლებელია კანონმორჩილმა მეწარმე იურიდიულმა პირმა ან მისმა დირექტორმა კანონის წაკითხვის შემდგომ გაიაზროს აკრძალული ქმედების შინაარსი და ამგვარად წარმართოს მისი საქმიანობა, რის გამოც სადავო ნორმა დამატებით ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებაში მოცემულ კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნას. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები სრულად უნდა გაუქმდეს, ვინაიდან მათი სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5, ასევე 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებას", - წერია საკონსტიტუციო სარჩელის ტექსტში.

"დანერგილია შიში, რომ ბიზნესი უნდა იყოს ჩუმად და არაფერზე ჰქონდეს პოზიცია" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომელმაც "ბიზნესის დუმილის" კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

არავინ უზღუდავს ბიზნესმენს აზრის გამოთქმას, ეს ეხება [კომპანიებს] - შალვა პაპუაშვილი

"ბიზნესსუბიექტი პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს" - კობახიძე განმარტავს, ვის ეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები