საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მის უცხოელ კონტრაქტორებთან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებში საკუთარი უფლებების დასაცავად 2024 წელს 4.7 მილიონ ლარად უცხოელ იურისტებს დაიქირავებს. გზების დეპარტამენტმა იურისტებთან კონტრაქტების გამარტივებული წესით დადებისთვის განაცხადით შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
გზების დეპარტამენტის განაცხადში არაა ჩამოთვლილი რომელ კონტრაქტორებთან დავებს ეხება ეს შესყიდვები, თუმცა როგორც ცნობილია დავები მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებელ კომპანია “სინოჰიდროსთან”, რაც ზემო ოსიაური - ჩუმათელეთის ₾265-მილიონიანი გზის პროექტს უკავშირდება. ასევე ამავე კომპანიასთან ხულო-ზარზმას ₾95-მილიონიან გზასთან დაკავშირებით. იურიდიული პროცესი ასევე მიმდინარეობს “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან” სამტრედია-გრიგოლეთის ₾113-მილიონიან გზასთან დაკავშირებითაც. ამ სამ დავაში იურიდიული წარმომადგენლობისთვის 2023 წელს დეპარტამენტმა 1.35 მილიონ ევროდ საერთაშორისო იურიდიული ფირმა Hogan Lovells-ი დაიქირავა.
ამას გარდა, უკვე არაერთი წელია მიმდინარეობს სამართლებრივი დავა კომპანია “ალტკომთან”, რომელსაც სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი 153 მილიონ ლარად უნდა აეშენებინა. ამ საარბიტრაჟო დავაში სახელმწიფოს ინტერესებს კომპანია White & Case-ი წარმოადგენს, რომელთანაც 2023 წელს 354,000 დოლარის ღირებულების შესყიდვა გაფორმდა. დავა ეხება Prominvestmentbank-ს, რომელიც “ალტკომთან” ხელშეკრულებაში საბანკო გარანტორის ფუნქციას ასრულებდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წერს:
“2023 წლის განმავლობაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში - დეპარტამენტი) შეისყიდა სხვადასხვა ტიპის იურიდიული მომსახურება, კერძოდ, უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე დავებთან დაკავშირებით, FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულებების ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ და ასეთივე ტიპის ხელშეკრულებების ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი ანალიზის მომზადებასთან დაკავშირებით.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ უკრაინაში მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, რომლებიც 2023 წლის განმავლობაში ჯერ კიდევ მიმდინარეა. შესაბამისად, სასამართლო დავები გაგრძელდება 2024 წლის განმავლობაში.
დეპარტამენტი ახორციელებს ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობას. აღნიშნული მშენებლობის ფარგლებში გაფორმებულია FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულებები, რომელთა მართვაც ხასიათდება თავისებურებებით, ხოლო დავის გადაწყვეტის მექანიზმია დავების საბჭო და საერთაშორისო არბიტრაჟი. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დეპარტამენტის დღის წესრიგში დგება დავასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა, ხოლო, ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რისკი, რომ დადგეს საერთაშორისო არბიტრაჟში დავის დაწყების საშიშროება, დეპარტამენტი შესაძლოა საჭიროებდეს საერთაშორისო იურიდიული კომპანიებისაგან იურიდიულ კონსულტაციას იმისთვის, რომ შემდგომში დავების საბჭოში, საერთაშორისო არბიტრაჟში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო არ დადგეს გამოუვალი სიტუაციის წინაშე. ასევე, დავების მიმდინარეობისას ხშირ შემთხვევაში საჭიროა ხარჯთაღრიცხვისა (quantum expert) და დაგვიანების (delay expert) ექსპერტების დასკვნები. მსგავსი გადაუდებელი შემთხვევები დეპარტამენტს დაუდგა 2018-2023 წლებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, არსებობდეს იურიდიული მომსახურების შესყიდვის მიზნით ხელშეკრულებების გაფორმების სწრაფი მექანიზმი.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, არსებობდეს იურიდიული მომსახურების შესყიდვის მიზნით ხელშეკრულებების გაფორმების სწრაფი მექანიზმი”.