მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა (24-29.08.2020)

5f4bb2d17093c
ირაკლი მაკალათია
30.08.20 18:03
2653
გთავაზობთ მიმდინარე კვირის (24-29.08.2020) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. მთავრობა სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად 100 მილიონი ლარის ბინების შესყიდვას გეგმავს
2. S&P-იმ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დატოვა
3. საქართველო ქრთამის აღების სიმცირით საუკეთესო ქვეყნების ათეულშია
4. საქართველოს რკინიგზამ 2020 წლის 6 თვეში 31.4 მილიონი ლარის ზარალი მიიღო
5. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 3 ცვლილება შედის
6. მსოფლიო ბანკმა საყოველთაო ინტერნეტიზაციისთვის $40 მილიონი დოლარი გამოყო
7. პროგრამა “იმუშავე საქართველოდან” 95 ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება
8. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
9. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
10. BMG-ის კვლევა - დასაქმებულთა რამდენ პროცენტს აქვს თვეში 5000 ლარზე მაღალი ხელფასი ?!


1. მთავრობა სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად 100 მილიონი ლარის ბინების შესყიდვას გეგმავს

საქართველოს მთავრობა სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად, 100 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო ფონდს დაზღვევს. დეველოპერებს შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით შეუძლიათ მთავრობას წარუდგინონ მიმდინარე სამშენებლო პროექტები, რომელთაც შემდგომ მთავრობა “დააზღვევს”. აღნიშნული გარანტიის პირობებში მთავრობა თითოეული კორპუსის მაქსიმუმ 30%-ის ფართობის ბინებს შეიძენს, შემდგომ კი ამ ბინებს დევნილ ოჯახებს გადასცემს.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში დეველოპერულ კომპანიებს 2020 წლის 11 სექტემბრამდე შეეძლებათ მონაწილეობის მიღება. იმისათვის, რომ კომპანიამ პროგრამაში შეძლოს მონაწილეობის მიღება, მის მიერ შეთავაზებულ უძრავ ქონებაში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1700 ლარს (თბილისში). ფასები დიფერენცირებულია რეგიონების მიხედვით

პროგრამის შესახებ და საკონკურსო პირობები იხილეთ ვრცლად: https://bit.ly/2EHvg4V; https://bit.ly/31DEpEB


2. S&P-იმ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დატოვა

,,საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ S&P-იმ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და პერსპექტივა “სტაბილური” უცვლელი დატოვა.’’ S&P მიმდინარე წელს საქართველოში 6%-იან რეცესიას პროგნოზირებს და აღნიშნავენ, რომ პანდემიამ ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი და და იქ დასაქმებული ადამიანები დააზარალა. ხოლო ქვეყნის ეკონომიკა 2022 წელს 2019 წლის დონეს დაუბრუნდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად - „BB“ დონეზე დატოვა. კომპანიის შეფასებით 2020 წელს ეკონომიკის 4,8%-იანი კლებაა მოსალოდნელი, ხოლო 2021 წელს რეალური მშპ-ს 4.5%-იან ზრდას პროგნოზირებს.

ვრცლად თემის შესახებ: https://bit.ly/2ED6i76


3. საქართველო ქრთამის აღების სიმცირით საუკეთესო ქვეყნების ათეულშია


მსოფლიო ბანკის მონაცემებით ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით, საქართველო 144 ქვეყნიდან 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. ასევე ათეულში მოხვდა მოსყიდვის წნეხისგან (სიღრმე) თავისუფლების მიხედვით. მსოფლიო ბანკმა აღნიშნული საწარმოთა კვლევა 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩაატარა. კვლევის მიხედვით, კერძო სექტორში ქრთამის მოთხოვნის შემთხვევას, გამოკითხულთა მხოლოდ 1.3% შეესწრო.

სახელმწიფო სექტორში, სადაც ზოგადად, ქრთამის მოთხოვნის/შეთავაზების ყველაზე დიდი ალბათობაა (სამშენებლო ნებართვები, სამთავრობო კონტრაქტები და საგადასახადო ოფიცრებთან შეხვედრები), კერძო კომპანიებისგან საჩუქრების/არაფორმალური გადახდების მოთხოვნის შემთხვევები მხოლოდ 1-1.4%-ს შეადგენს.

ვრცლად კვლევის შესახებ: https://bit.ly/34LuE9u


4. საქართველოს რკინიგზამ 2020 წლის 6 თვეში 31.4 მილიონი ლარის ზარალი მიიღო

სს "საქართველოს რკინიგზის" 2020 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რკინიგზამ 2020 წლის 6 თვეში 31.4 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. მიუხედავად შემოსავლების ზრდისა, ხარჯები მკვეთრად აღემატება შემოსავლებს. ამავე პერიოდში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 7.8%-ით არის გაზრდილი. კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, ყველაზე დიდი ხარჯი პერსონალის სახელფასო ფონდია 82.8 მილიონი ლარი, შემდეგ მოდის ელექტროენერგიის და სხვა საოპერაციო აღჭურილობის ხარჯი 20.4 მილიონი ლარი, ხოლო ცვეთის ხარჯი 39.7 მილიონი ლარი იყო. "საქართველოს რკინიგზის" 100%-იანი წილი "საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაა, რომელიც თავის მხრივ 100%-ით საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატია: https://bit.ly/2YKuag4


5. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 3 ცვლილება შედის

„COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე „აწარმოე საქართველოში“ კერძო სექტორის მხარდაჭერას აძლიერებს, რასაც ეფუძნება შემდეგი ცვლილებები:

1. სასტუმრო ინდუსტრია: მიწის იჯარით, ქირით, ან აღნაგობის უფლებით აღება - რაც გულისხმობს, რომ სასტუმრო ინდუსტრიაში სესხის აღებისათვის აუცილებელი პირობა აღარ იქნება მიწის ნაკვეთის მეწარმე სუბიექტის საკუთრებაში არსებობა;

2. ტურისტული სექტორი: ლოკაციური შეზღუდვის მოხსნა - თუ აქამდე ტურისტული სერვისების განვითარებისათვის ქვეყნის მასშტაბით ბიზნესს მხოლოდ 14 ლოკაციაზე ეხმარებოდა, ცვლილების მიხედვით ეს შეზღუდვა მოიხსნება.

3. 6 ახალი ეკონომიკური საქმიანობა - "აწარმოე საქართველოში" პრიორიტეტული მიმართულებების სიას დაემატება 6 ახალი ეკონომიკური საქმიანობა. მათ შორის არის: კომპიუტერული თამაშების გამოცემა, საავადმყოფოების საქმიანობები, ზოგადი სამედიცინო პრაქტიკის საქმიანობები სპეციალიზებული სამედიცინო პრაქტიკის საქმიანობები, სტომატოლოგიური პრაქტიკის საქმიანობები, კინოფილმების საწარმოებელი მოწყობილობების შეძენა იჯარით/ლიზინგით გაცემის მიზნით.

ვრცლად ,,აწარმოე საქართველოში’’ განხორციელებული ცვლილებების შესახებ: https://bit.ly/3hGtM9P


6. მსოფლიო ბანკმა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტ Log-in Georgia-ს $40 მლნ გამოუყო

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მლნ ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო Log-in Georgia პროექტისთვის, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, პროექტს დაახლოებით ნახევარი მილიონი ბენეფიციარი ეყოლება.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს. ამასთან, მოლინეუსის თქმით, COVID-19-ის კრიზისმა განსაკუთრებულად გამოკვეთა თუ რა მნიშვნელობა აქვს ციფრულ ინფრასტრუქტურას სხვადასხვა სახელმწიფო სერვისის მიწოდებისთვის. 

ვრცლად აღნიშნულ თემებზე სტატია.


7. პროგრამა “იმუშავე საქართველოდან” 95 ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება

მთავრობამ საქართველოში დისტანციურად მუშაობის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ახალი პროგრამა „იმუშავე საქართველოდან“ აამოქმედა. მოთხოვნები შემდეგია: უცხოელს, რომელსაც, საზღვარგარეთ, საქართველოდან მუშაობა სურს, მინიმუმ $2000-იანი ხელფასი უნდა ჰქონდეს; საქართველოში შემოსვლისას საკუთარი ხარჯებით უნდა გაიაროს სავალდებულო 12-დღიანი კარანტინი. პროექტში შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს სამი კატეგორიის დასაქმებულები: თვითდასაქმებულები, სრულ განაკვეთზე მომუშავე პირები და მეწარმეები. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ: ,,პროექტი ერთის მხრივ დაეხმარება კერძო სექტორს გაყიდვების ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში, ხოლო მეორეს მხრივ დადებითად იმოქმედებს საქართველოს როგორც „უსაფრთხო მიმართულების“ კიდევ უფრო მყარ პოზიციონირებაზე.’’ პროგრამა “იმუშავე საქართველოდან” 95 ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება.

ვრცლად პროექტის შესახებ: https://bit.ly/3hHqdA9

იხილეთ 95 ქვეყნის ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოდან მუშაობა: https://bit.ly/3bdbf2u


8. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში


სახელმწიფო ხაზინის გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 7 თვის განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯვამ 8.4 მილიარდი ლარი შეადგინა, საგარეო კრედიტების სახით ქვეყანამ მიიღო 2.7 მილიარდი ლარი, ხოლო სახელმწიფოს ადგილობრივმა ვალმა 1.26 მილიარდი ლარი შეადგინა.

2020 წლის ივლისში მოგების გადასახადიდან მიღებულმა შემოსავლებმა 65.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წილის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.8 მილიონი ლარით, ანუ 27%-ით ნაკლებია. ასევე, ივლისში საშემოსავლო გადასახადი 13%-ით შემცირდა და 226 მლნ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში დამატებული ღირებულების გადასახადი 28%-ით შემცირდა და 348 მილიონი ლარი შეადგინა.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2020 წლის III კვარტალში რეალური მშპ 6.2%-ით შემცირდება. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით: შემცირდება კერძო ინვესტიციები; ასევე მოსალოდნელია საქონლით ვაჭრობისა და საქონლის იმპორტის კლება; ექსპორტზე შემცირებული მოთხოვნის შედეგად, შემცირდება საქონლის ექსპორტის მოცულობაც

ვრცლად ბიუჯეტის ანგარიშის შესახებ: https://bit.ly/3gB148U


9. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

27 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა $40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რის შედეგადაც ლარი აშშ დოლართა მიმართებით 1.08 თეთრით გამყარდა. აღნიშნული ინტერვენცია მიმდინარე წელს რიგით მე-11 იყო (13 მარტი; 19 მარტი; 25 მარტი; 27 აპრილი; 21 მაისი; 10 ივნისი; 17 ივნისი; 2 ივლისი; 22 ივლისი; 13 აგვისტო; 27 აგვისტო). ჯამში ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს 329 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატია: https://bit.ly/2EQFGiU


10. BMG-ის კვლევა - დასაქმებულთა რამდენ პროცენტს აქვს თვეში 5000 ლარზე მაღალი ხელფასი

BMG-იმ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა მოსახლეობის შემოსავლების სტატისტიკა. სტატიის ავტორის, შოთა ტყეშელაშვილის სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ 2019 წელს ქვეყანაში დეკლარირებული სახელფასო შემოსავალი მხოლოდ 1.11 მილიონ ადამიანს აქვს. 5 000 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი დასაქმებულთა მხოლოდ 1.5%-ს აქვს.

2019 წელს ყველაზე მეტ ადამიანს, ანუ 142 ათას მოქალაქეს თვეში 100 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს, შემდგომ ყველაზე მეტ 117 ათას ადამიანს აქვს 600-800 ლარი. ყველაზე მაღალ შემოსავალი - თვეში 8333 ლარი და მეტი, მხოლოდ მხოლოდ 1 300 ადამიანს აქვს.

2018-2019 წლის შემოსავლების მიმოხილვა იხილეთ ვრცლად: https://bit.ly/3jpTVtR

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები