მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის კურსზე დღეს, მოლოდინებთან ერთად, ფუნდამენტური ფაქტორებიც მოქმედებს - ფინანსისტი

ვასილ რევიშვილი

ლარის კურსზე დღეს, მოლოდინებთან ერთად, ფუნდამენტური ფაქტორებიც მოქმედებს - ამის შესახებ „საქმის კურსთან“ ფინანსისტი ვასილ რევიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, 2024 წლის დასაწყისიდან შეინიშნება გაუარესება ექსპორტ-იმპორტის ბალანსს შორის, კლებაა ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით.

„ჩემი გათვლებით, დაახლოებით 1.1 მლრდ დოლარით ნაკლები შემოვიდა 2024 წელს ამ დრომდე, 2023 წელთან შედარებით. ვინაიდან, დოლარის მოწოდება შემცირდა, ლარის კურსი უნდა დაცემულიყო, რაც გარკვეულწილად დაბალანსდა ეროვნული ბანკის მსხვილი ჩარევებით. მეორე ფაქტორი, რაც კურსზე მოქმედებს არის სენტიმენტი, მოლოდინები. ვინაიდან, არის კურსის გაუფასურების მოლოდინი მოქალაქეებს დანაზოგები ლარიდან ვალუტაში გადააქვთ. ეს ამცირებს დოლარის მიწოდებას და ზრდის დოლარზე მოთხოვნას, შესაბამისად ლარის კურსი უფასურდება“, - ამბობს ვასილ რევიშვილი.

მისი თქმით, არავის აქვს სათანადო ინფორმაცია ეროვნული ბანკის გარდა რამდენად არის ზეწოლა ლარის კურსზე მხოლოდ მოლოდინებიდან გამომდინარე და თუ მართლაც ზეწოლა მხოლოდ მოლოდინებით არის განპირობებული სებ-ის ინტერვენციები გამართლებულია.

„მართალია, მოლოდინები ვოლატილობას, რყევას ზრდის, მაგრამ მე მგონია მიმართულება მაინც ფუნდამენტური ფაქტორებით არის განპირობებული“, - აღნიშნავს რევიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი ლარზე ზეწოლას მხოლოდ მსხვილ, ერთჯერად ტრანზაქციებს უკავშირებს და ინტერვენციებს ამით ამართლებს. მთლიანობაში, წელს, სებ-მა ბოლო 1 თვეში სავალუტო აუქციონზე თითქმის 169 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც 2023 წლის ჯამურ მონაცემს ($167 მლნ) უკვე აღემატება. მსხვილი ტრანზაქციების მიუხედავად, ლარმა დოლარს მიმართ პოზიცია ამავე პერიოდში თითქმის 19 თეთრით დათმო და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.87 თეთრის ნიშნულს მიუახლოვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები