მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვსაუბრობთ არა სავალუტო რეზერვების ზრდის სისწორეზე, არამედ იმაზე, რამდენად დროულად იღებს ინფორმაციას ბაზარი"

რომან გოცირიძე

საუბარი არ არის იმაზე, სწორია თუ არა რეზერვების ზრდა ლარის დასუსტების ხარჯზე, აქ ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად დროულად და სწორად იღებს ინფორმაციას ბაზარი და დაინტერესებული პირები, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

საქმე ის არის, რომ თებერვალში სებ-მა Bmatch პლატფორმით 77 მილიონი დოლარი შეისყიდა.

„გუშინ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ თებერვლის თვეში ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 77,5 მილიონი დოლარი. მარტის თვეშიც გაგრძელდა ალბათ ეს პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი ზრდის რეზერვებს ლარის დასუსტების ხარჯზე.

აქ არ არის საუბარი იმაზე, სწორია ეს თუ არასწორი. აქ ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად დროულად და სწორად იღებს ინფორმაციას ბაზარი და დაინტერესებული პირები.

რას გვაძლევს ეს რიცხვი, 77,5 მილიონი დოლარი? ბევრს არაფერს. ეს ინფორმაცია ჯერ ერთი ხელმისაწვდომი ხდება მომდევნო თვის 25 რიცხვში, მეორეც, ეს არის ე. წ. სუფთა რიცხვი და არ ვიცით რამდენი მილიონი დოლარი გაყიდა და რამდენი იყიდა ეროვნულმა ბანკმა. აქ მხოლოდ სხვაობაა მოცემული ამ ორ მაჩვენებელს შორის. მაგ. იყიდა ასი მილიონი, გაყიდა 25, სხვაობა გამოვიდა წმინდა შესყიდვა 75.

ყიდვა-გაყიდვის შესახებ ინფორმაცია გვაძლევს იმის დადგენის შესაძლებლობას, რამდენად ერევა ეროვნული ბანკი კურსის ფორმირებაში, რამდენად იყენებს რყევების შესარბილებლად თუ რეზერვების შესავსებად მის ამ ინსტრუმენტს.

თუ დავაკვირდებით სავალუტო ბაზრის დინამიკას, დიდი ალბათობით შეიძლება ვთქვათ, რომ თებერვლის თვეში ეროვნული ბანკი მხოლოდ ყიდულობდა უცხოურ ვალუტას. რაც შეეხება მარტის თვეს, აქ სურათი ცოტა განსხვავებულია - როგორც ჩანს, ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებდა შესყიდვებს, ვერ გათვალა სწორად ბაზარზე არსებული ტენდენციები, ლარმა დაიწყო გაუფასურება და მის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა დაიწყო შეძენილი უცხოური ვალუტის უკან ჩაბრუნება, ანუ გაყიდვა ლარის კურსის შესანარჩუნებლად. მარტის თვის შედეგებით, შესყიდვები მაინც მეტი იქნება, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ფარგლებში.

ეს ყველაფერი ვარაუდებია. ვერასდროს გავიგებთ რამდენი გაყიდა და რამდენი იყიდა. 25 აპრილს გავიგებთ მხოლოდ ერთ რიცხვს, სხვაობას გაყიდულ და ნაყიდ დოლარებს შორის.

როდესაც სავალუტო აუქციონზე, ანუ განსხვავებულ პლატფორმაზე ხდება ვალუტით ვაჭრობა, ინფორმაცია იმავე დღესვე ხდება ცნობილი, აუქციონის გარეშე, ე. წ Bmatch პლატფორმაზე კი ფაქტობრივად გასაიდუმლოებული, რომელსაც ნაწილობრივ ერთი თვის დაგვიანებით ვიგებთ.

ინფორმაციის დამალვა, რაგინდ კეთილი მიზნებით უნდა იყოს განპირობებული, საბოლოო ჯამში იწვევს უარეს შედეგებს, მათ შორის აჩენს მისი არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკებს“, - წერს რომან გოცირიძე

მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ 77,5 მილიონი დოლარის ყიდვა იმას ნიშნავს, რომ ლარი კი არ უფასურდებოდა, არამედ მყარდებოდა და ეროვნული ბანკი არ აძლევდა ამის საშუალებას.

რომან გოცირიძის განცხადებით, დიდი ალბათობით ასე ხდება მარტის თვეშიც, რომლის შესახებაც ინფორმაციას მხოლოდ 25 აპრილს შევიტყობთ.

„იხარბა ეროვნულმა ბანკმა( რაც არაერთხელ მომხდარა), რეზერვების დაგროვებით გაერთო და ზედმეტი მოუვიდა, გამყარების გზაზე მდგარი ლარი გაუფასურების გზაზე დააყენა.

როდესაც ინფორმაციას მალავ, არასწორ სიგნალებს აწვდი ბაზარს. ეს აბნევს ბიზნესს, საზოგადოებას, ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებიც რაღაც გლობალურ ზღაპრებს ყვებიან ლარის “გაუფასურების” მიზეზებზე. ამავე დროს ეს ინფორმაცია შეიძლება გახდეს კორუფციის წყაროც. როცა ვიწრო წრე ექსკლუზიურად ფლობს რაღაც ინფორმაციას ( ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის რამდენიმე ჩინოვნიკი და ნაწილობრივ, თხუთმეტამდე ბანკი), ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს გამოყენებული არაკეთილსინდისიერად.

უკვე მერამდენე წელია ვუსვამ ეროვნულ ბანკს კითხვას-როცა სავალუტო აუქციონზე ყიდი ან ყიდულობ უცხოურ ვალუტას, ამის შესახებ ინფორმაცია იმავე დღეს ხდება ცნობილი, ხოლო როცა იმავეს აკეთებ აუქციონის გარეშე, ე. წ. Bmatch პლატფორმაზე, ინფორმაციას ვიგებთ მხოლოდ მომდევნო თვის ბოლოს, თანაც დაჯამებულს და არა ცალკეული დღეების მიხედვით. რატომ? რომელი მაკრო თუ მიკროეკონომიკური ლოგიკაა ამაში ჩადებული? ლოგიკა ერთია-ვინც ფლობს ექსკლუზიურ ინფორმაციას, ის ფლობს გავლენას და ფულს.

რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, ეს ეროვნულ ბანკს მოჰკითხეთ. აპრილის ბოლოს მიხვდებით, რომ კვლავ ყიდულობდა დოლარებს.

და ბოლოს, რეზერვების დაგროვება თუ ლარის გამყარება-ამაზე შეიძლება ვიდავოთ, მაგრამ ეს დავა მაშინ შეიძლება, როცა რაღაცა ვიცით. როცა არ ვიცით, ესე იგი ეს ვიღაცას რაღაცისთვის სჭირდება“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები