მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოვისმინეთ ეროვნული ბანკის აბსოლუტურად უაზრო განცხადება" - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის დღევანდელი განცხადება "აბსოლუტურად უაზროა" და ქართულ საბანკო სექტორს არ აძლევს მკაფიო დირექტივას, უნდა შეასრულონ თუ არა მათ საერთაშორისო სანქციები. ამის შესახებ გოცირიძემ სებ-ის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა, სადაც ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება მაშინ, თუ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნებისა და შპს "ალტ-ინფოსთან" დაკავშირებული პირების სანქცირება და ე.წ. "მაგნიტსკის" სიაში შეყვანა უპრეცედენტო შემთხვევაა, რაც ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას მოითხოვს.

"ასეთ ვითარებაში საქართველოს მთავრობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ მიეცა მითითება საფინანსო სისტემისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლა, ან რაიმე ფორმით და მიზეზით მათი არ დაცვა, გამოიწვევს ქვეყნის ფინანსურ კოლაფსს. ვერც ერთ ცენტს ვერ გადარიცხავს ქართული ბიზნესი უცხოეთში, თუკი გაგრძელდება ბანკებზე ზეწოლა, რაც ჩვენ გუშინ პრემიერ-მინისტრის განცხადებაში ვიხილეთ და სამწუხაროდ, დღეს მხარი ეროვნულმა ბანკმაც აუბა.

მოვისმინეთ ეროვნული ბანკის აბსოლუტურად უაზრო განცხადება. იგი ამბობს, რომ ერთი მხრივ, თურმე საქართველოში სანქციების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს, მეორე მხრივ კი ამბობს, რომ საქართველოს კომერციული ბანკები დაიცავენ საერთაშორისო სანქციების წესებს. რა უნდა გაიგოს ამ განცხადებაში საქართველოს საბანკო სისტემამ?" - ამბობს რომან გოცირიძე.

ოპოზიციონერი დეპუტატი სებ-ს მიმართავს და მათგან უფრო მკაფიო განცხადების გავრცელებას ითხოვს.

"უნდა დაიცვან [ბანკებმა] საერთაშორისო სანქციების ნორმები, ანუ მომენტალურად შეუწყვიტონ ანგარიშები ამ ადამიანებს და მათთან დაკავშირებულ ბიზნესებს, თუ დაელოდონ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, როდის გაასამართლებს დამნაშავე პოლიციელებს იმ თავდასხმის გამო, რაც პარლამენტის წინ მოახდინეს რამდენიმე თვის წინ? კეთილი ინებოს ეროვნული ბანკმა გამოვიდეს და გააკეთოს ნათელი განცხადება", - ამბობს გოცირიძე.

ორშაბათს აშშ-ის ხაზინამ საქართველოს ძალოვანი სამსახურის მაღალჩინოსნები, სპეციალური დავალებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, გლობალური მაგნიტსკის აქტით დაასანქცირა. სანქციები დაუწესდათ პრო-რუსული პოლიტიკური პარტიის "ალტ ინფოს" ლიდერებს კონსტანტინე მორგოშიას ზურაბ მახარაძესაც.

საბანკო ასოციაციის განცხადების თანახმად, საქართველოს კომერციული ბანკები საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს დაიცავენ, თუმცა სებ-ის დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები