ფინანსისტ ვასილ რევიშვილის შეფასებით, ერთჯერადი დიდი რყევის დროს, ცენტრალური ბანკის მხრიდან სავალუტო ინტერვენცია გამართლებულია. ამის შესახებ მან BMG-სთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის მიერ 60 მილიონი დოლარის გაყიდვასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.
ფინანსისტის შეფასებით, თუ ქვეყანაში ვითარება არ განიმუხტება და შედეგად, ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება, ლარის კურსის რყევის საპასუხოდ სებ-ის ინტერვენციები გამართლებული უკვე აღარ იქნება.
„გუშინ იყო [ლარის კურსის] დრამატული რყევა. ასეთი დიდი რყევა ერთჯერადია და მის გამოსასწორებლად ან გასაჩერებლად სწორი გადაწყვეტილება იყო ინტერვენცია. რყევები თანხვედრაშია მნიშვნელოვან განცხადებებთან თუ მოვლენებთან, იქნება ეს კანონის მიღება, თუ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საკმაოდ მკაცრი განცხადებები. თუ ეს გაგრძელდება, ავტომატურად გამოიწვევს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას. შესაბამისად, გადავალთ იმ ფაზაში, რომ ვერ დავარქმევთ ერთჯერად, სენტიმენტით განპირობებულ ცვალებადობას, არამედ ეს იქნება ფუნდამენტური ცვლილება. ასეთ ვითარებაში, ცხადია ინტერვენცია გაუმართლებელი იქნება და უბრალოდ სიტუაცია უნდა გამოსწორდეს ბაზარზე.
დღევანდელობიდან გამომდინარე, ეს ინტერვენცია ქვეყანას ძალიან ძვირი არ გვიჯდება, მაგრამ თუ პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდება, ეს საშუალოვადიან პერსპექტივაში უკვე ეკონომიკაში, ეკონომიკურ მაჩვენებლებში გადაიზრდება და ინტერვენციები ვერ გვიშველის. სიტუაციიდან, რისკების ფაქტორების ზრდიდან გამომდინარე, რომელიც ადგილზეა, მომავალში რყევები კვლავ აუცილებლად იქნება. მაგრამ ინტერვენცია, ალბათ, გამართლებულია მხოლოდ ერთჯერადად ან მაქსიმუმ რამდენიმეჯერ, როდესაც რყევა დრამატულია", - ამბობს ფინანსისტი.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის მიერ "რუსული კანონის" მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, 15 მაისს ლარის კურსი მკვეთრად გაუფასურდა. საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა. როგორც სებ-ში აღნიშნავენ, რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად მოკლევადიანია. მარეგულირებლის განმარტებით, ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების გადაწყვეტილება ბოლო დღეებში, სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებს უკავშირდება, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები.