მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: „ჰეშ ბანკის“ მეწილეზე ბრალდებები უსაფუძვლო და არაპროფესიონალურია

ბანკირი

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს “ჰეშ ბანკს” ციფრული ბანკის ლიცენზია მიანიჭა. ახალი ბანკის დამფუძნებლები ქართველი ბიზნესმენები ლაშა და სულხან პაპაშვილები არიან, მათთან ერთად, ბანკის 50%-ს ფლობს უკრაინელი ბიზნესმენი ვოლოდომირ ნოსოვიც, რომელიც კრიპტო ბირჟა WhiteBit-ის დამფუძნებელი და CEO-ა.

სწორედ WhiteBit-თან დაკავშირებით დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ამ ციფრული ბირჟის წინააღმდეგ უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო წინასასამართლო გამოძიება კრიპტო ბირჟა WhiteBit-ის სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით. საქმე პრორუსი პოლიტიკოსის მხრიდან ბირჟაში ინვესტირებას უკავშირდება.

თუმცა როგორც ლაშა პაპაშვილი განმარტავს, ვოლოდომირ ნოსოვის წინააღმდეგ გამოძიება არ მიმდინარეობს, რასაც ადასტურებს მათ მიერ სებ-ში წარდგენილი დოკუმენტაციაც. "ბრალდებები უსაფუძვლო და არაპროფესიონალურია" - ამბობს ის.

ამასთანავე, ლაშა პაპაშვილის თქმით, საბანკო ლიცენზიის ასაღებად მათი გამოცდილებისა და გეგმების შესახებ მარეგულირებელს არაერთი დოკუმენტი წარუდგინეს.

თავად WhiteBit-ის შესახებ საუბრისას ბანკირი აღნიშნავს, რომ ამ ციფრულ ბირჟას საქმიანობის ესპანური და ლიტვური ლიცენზიებიც აქვს.

“მე რაც მოვისმინე, რომ კრიმინალია და საქმეა აღძრული ჩემი პარტნიორის მიმართ. 55 წლის ვხდები რამდენიმე დღეში და ბიზნესშიც, დაახლოებით, 35-წლიანი გამოცდილება მაქვს და წარმოიდგინეთ, მე, რატომღაც ამ ასაკში რომ შევიქმნა პრობლემა ფულის რეცხვის, სანქციების და ასეთ საქმეში შევიდე...

ჩვენ ყველა დოკუმენტი გვაქვს და გამოგიგზავნით. რომან გოცირიძე აცხადებს, რომ თებერვლის ინფორმაცია იძებნება, რომ რაღაც საქმეა აღძრული, ჩვენ გვაქვს ივლისის დოკუმენტი, რომ არანაირი საქმე არ არსებობს ამ ადამიანის წინააღმდეგ და ვერც იარსებებს.

განცხადება, რომ რად გვინდა კრიპტო, როდესაც მომავალი სწორედ ესაა და დღეს მაგალითად აშშ-ში კრიტპოს გამოყენებით უკვე ყველაფრის შეძენაა შესაძლებელი. დაწყებული ყავით, კოკა-კოლასაც კი იყიდით დღეს კრიპტოთი.

ან რა კავშირი აქვს კრიპტო ბირჟასთან, როდესაც ბიზნესმენი არის აბსოლუტურად სუფთა და მასთან ერთად ფინტექს ვაარსებ. უახლესი საფინანსო პროდუქტები უნდა შევთავაზო ქართველ მომხმარებელს. ჩემი თხოვნაა, ეს დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ ჩემი ბიზნესპარტნიორი სუფთაა, ვაჩვენოთ ბატონ რომანსაც <გოცირიძე> და ყველა მოქალაქეს, ვისაც აინტერესებს.

White Bit-ი ოპერირებს ესპანური და ლიტვური ლიცენზიებით. ჩვენთან ქვეყანაშიც შეტანილი აქვთ. შესაბამისად, რადგან ამაზეა საუბარი ესეც იცოდეს ხალხმა, რომ ამ ადამიანს ხელში აქვს ლიტვის და ესპანეთის ლიცენზიები.

რა თქმა უნდა მე იგივე ეროვნულმა ბანკმაც მკითხა და წარვუდგინეთ მონაცემები. სერიოზულმა ხალხმა ეს სერიოზული არგუმენტების გარეშე არ უნდა მიიღოს. ჩვენ გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობა, რომ ამ ადამიანის წინაშე არცერთი მიმართულებით გამოძიება არ მიმდინარეობს,”- განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

რაც შეეხება WhiteBit-ს, კომპანიის ვებგვერდის თანახმად, მისი მეშვეობით დღეში $2.5 მილიარდის ოპერაციები სრულდება. ბირჟა 2018 წელს არის დაფუძნებული.

თავად “ჰეშ ბანკის” სადამფუძნებლო ინფორმაციის თანახმად, ბანკის საწესდებო კაპიტალია 16,634,100 ლარი, რომელიც 210,000 აქციად იყოფა. აქედან 2,100 პრივილეგირებული აქციაა, რომელთა ერთეულის ღირებულებაა 1 ლარი, ხოლო 207,900 აქცია ჩვეულებრივი კლასის აქცია, რომელთა ერთეულის საფასურია 80 ლარი.

აქციონერები არიან:

  1. ვოლოდიმირ ნოსოვი: უკრაინის მოქალაქე, 103,950 აქცია, საწესდებო კაპიტალის 50%;
  2. სულხან პაპაშვილი, საქართველოს მოქალაქე, 63,403 აქცია, საწესდებო კაპიტალის 30.5%;
  3. ლაშა პაპაშვილი, საქართველოს მოქალაქე, 40,541 აქცია, საწესდებო კაპიტალის 19.5%.
  4. ნანა ქებურია: საქართველოს მოქალაქე, 2,100 პრივილეგირებული აქცია (ხმის უფლების გარეშე).

ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა გიორგი ჩანადირი, მის გარდა ბანკის დირექტორთა საბჭოში არიან გიორგი ქეშელაშვილი და ირაკლი ჩახნაშვილი.

ამ ლიცენზიის გაცემის შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

ლაშა პაპაშვილის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული დოკუმენტი ვოლოდომირ ნოსოვის ნასამართლობის შესახებ:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები