ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარება ამ ეტაპზე დასტაბილურებულია. ამის შესახებ ლენტეხის მერმა, გიორგი გაზდელიანმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ცენტრალური საავტომობილო გზა გახსნილია და მუნიციპალიტეტის არცერთი სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღარ არის.
"დღეის მდგომარეობით, სიტუაცია დასტაბილურებულია. ცენტრალური საავტომობილო გზა გახსნილია. არცერთი სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილი არ არის. შიდა სასოფლო გზები ყველა მიმართულებით გახსნილია. გვაქვს მხოლოდ ერთი სოფელი - დურაში, სადაც წყლის სისტემაა მოსაწყობი", – განაცხადა გიორგი გაზდელიანმა.
მისივე ინფორმაციით, შექმნილია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისია, რომელიც ზარალის მოცულობას ითვლის. მუნიციპალიტეტში პირველადი შეფასების შედეგები, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.
„დაახლოებით ორ-სამ დღეში გვეცოდინება პირველი მონახაზი, თუ რასთან გვაქვს საქმე და რა ზარალი მიიღო მუნიციპალიტეტმა“, – აღნიშნა ლენტეხის მერმა.
გიორგი გაზდელიანის განცხადებით, სტიქიის შედეგად პრობლემური იყო 91-ე კილომეტრის მონაკვეთი, სადაც მეწყრის ჩამოსვლისა და მდინარე ჩოლშურას ადიდების გამო ცენტრალური ხიდი ჩაიკეტა. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და ამ მიმართულებით გადაადგილება ყველა სახის ტრანსპორტისთვის შესაძლებელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თავდაპირველად შეზღუდვა დაწესებული იყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე.
უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი საყდრის ხიდის მიმდებარედ მდინარის ადიდება გახდა, რის შედეგადაც წყალი გზის სავალ ნაწილზე გადავიდა და უსაფრთხოების მიზნით ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.




























