4 მარტს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესში სიტყვით გამოვიდა. გამოსვლა დაპირისპირების ფონზე დაიწყო, ვინაიდან დემოკრატებმა პროტესტი გამოხატეს. ტეხასის შტატის კონგრესმენი ელ გრინი კი დარბაზიდან გააძევეს.
დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ შეაქო მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მილიარდერი ხელმძღვანელი ილონ მასკი, რომელიც გამოსვლას ესწრებოდა. ტრამპის თანახმად, მასკმა აღმოაჩინა "ასობით მილიარდი დოლარის თაღლითობა", რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს მისი გუნდის მიღწევებს. დემოკრატ კონგრესმენებს კი პროტესტის ნიშნად ბანერები ჰქონდა წარწერით: მასკი იპარავს, ტყუილია. ისინი პროტესტს გამოთქვამდნენ გარკვეული პროგრამების დაფინანსების შემცირების შესახებ მათ შორის ჯანდაცვის მიმართულებით.
აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა არჩევნებში მოპოვებულ გამარჯვებაზე და გააკრიტიკა დემოკრატები იმის გამო, რომ მის მიღწევებს არ აღიარებენ. ამასთან, ტრამპმა ჯო ბაიდენს ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი უწოდა.
ტრამპის სიტყვით გამოსვლის დროს, რესპუბლიკელების გულშემატკივრობის პარალელურად, დემოკრატები ძირითადად დუმდნენ ან საპროტესტო შეძახილები ისმოდა. დემოკრატების ერთადერთი აპლოდისმენტები იყო, როდესაც მან განაცხადა, რომ უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება სურდა.
ტრამპი დაუზოგავად აკრიტიკებდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. მაგრამ გამოსვლის დასასრულს წაიკითხა ზელენსკის მიერ მისთვის გაგზავნილი "მნიშვნელოვანი" წერილიდან ამონარიდი.
„წერილში ნათქვამია, რომ უკრაინა მზადაა, რაც შეიძლება მალე მივიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა დაუახლოვდეს გრძელვადიან მშვიდობას",- განაცხადა ტრამპმა და ამონარიდი წაიკითხა: "არავის უნდა მშვიდობა უკრაინელებზე მეტად... მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივიღოთ მუდმივი მშვიდობა".
თუმცა ჯერ კიდევ ბუნდოვანია, მიუთითებს თუ არა წერილი დაძაბულობის განმუხტვაზე ტრამპი-ზელენსკის ურთიერთობაში გასულ კვირას, ოვალურ კაბინეტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, როდესაც ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვანსმა ზელენსკი დაადანაშაულეს არასაკმარისად მადლიერების გამო უკრაინაში აშშ-ის მილიარდობით დოლარის დახმარებისთვის. ორშაბათს კი ტრამპმა უკრაინის დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ტრამპმა ისაუბრა ინფლაციაა. ის გამოეხმაურა მოსახლეობის იმედგაცრუებას სასურსათო პროდუქტების გაძვირების გამო - განსაკუთრებით კვერცხების მზარდი ფასის გამო, მაგრამ ფრინველის გრიპის ნაცვლად ამაში ბაიდენი დაადანაშაულა.
„ჯო ბაიდენმა დაუშვა კვერცხების ფასი კონტროლიდან გამოსულიყო - ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ფასის დასაბრუნებლად",- თქვა ტრამპმა.
მისმა სოფლის მეურნეობის მდივანმა, ბრუკ როლინსმა, გასულ კვირას თქვა, რომ კვერცხის ფასი წელს შეიძლება 40%-ზე მეტად გაიზარდოს.
აღსანიშნავია, რომ ამ თვეში კვერცხის ფასის რეკორდულ ნიშნულამდე ზრდის წინაპირობა ფრინველის გრიპს უკავშირდება, რომლის გავრცელების შესაზღუდადაც 166 მილიონზე მეტი ფრინველი დაიკლა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა ტარიფებია. ის უკან დახევას არ აპირებს და აღწერს ტარიფებს, როგორც მისი პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელ ნაწილს. ტრამპის თქმით, ტარიფები ამერიკას კვლავ მდიდარს და დიდებულს გახდის. "ეს ხდება და მოხდება საკმაოდ სწრაფად. იქნება მცირე არეულობა, მაგრამ ჩვენ ამასთან კარგად ვართ",- თქვა პრეზიდენტმა.
ტრამპის მიერ კანადისა და მექსიკისთვის დაწესებული 25%-იანი, ასევე ჩინეთისთვის დაწესებული 20%-იანი ტარიფები ძალაში 4 მარტს შევიდა. მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შინბაუმმა განაცხადა, რომ აპირებს კვირას გამოაცხადოს აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფები. ამასთან, აშშ-ის ტარიფებს კანადა ანალოგიური ნაბიჯით პასუხობს. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ თუ ტრამპის ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას არ შეცვლის კანადა დააწესებს 25%-იან ტარიფებს 155 მილიარდი კანადური დოლარის (107 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების ამერიკულ საქონელზე. ასევე, კონტრნაბიჯები დააანონსა ჩინეთმაც. სამშაბათს ჩინეთმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას დააწესებს ახალ ტარიფებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე აშშ-დან.
მდიდარი უცხოელებისთვის ტრამპმა ისაუბრა 5 მილიონი დოლარის „ოქროს ბარათის“ შემოღების გეგმაზე, რაც მათ საიმიგრაციო სტატუსს ანიჭებს.
ამასთან, ტრამპმა თქვა, რომ მისი სავაჭრო პოლიტიკა იქნება სასარგებლო სოფლის მეურნეობის ინდუსტრიისთვის, ზოგიერთი სენატორების გაფრთხილების საპირისპიროდ, რომ ტარიფებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ.




























