მასწავლებელთა კარიერული წინსვლის გეგმა, რომელიც განათლების სამინისტროს 2025 წლის ზაფხულში საზოგადოებისთვის უნდა წარედგინა, 2026 წლის იანვარში დამტკიცდება. ამის შესახებ გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის წარდგენისას განაცხადა.
მასწავლებლების მოზიდვა, გადამზადება, დასაქმება, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის გეგმის დამტკიცება, შრომის ანაზღაურების მზარდ კომპონენტზე ზრუნვა - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებიც გივი მიქანაძის თქმით, განათლების სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების რეფორმის მეხუთე ამოცანაში ერთიანდება.
განათლების მინისტრმა ახალი ხედვის წარდგენისას განაცხადა, რომ შრომის ანაზღაურების მზარდ კომპონენტზე ზრუნვა გაგრძელდება, თუმცა რა ფორმით არ დაუკონკრეტებია.
2026 წელს პედაგოგების ხელფასები არ გაიზრდება - მიზეზები
„მეხუთე ამოცანა - მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და მხარდაჭერა. პედაგოგიკა გადაიქცევა უმაღლესი აკადემიური დონის მიმართულებად, თუმცა რა თქმა უნდა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ექნება თავისი მნიშვნელოვანი დატვირთვა და ჩართულობა ამ პროცესებში, გააგრძელებს პროფესიული უნარების განვითარებაზე აქტიურ ზრუნვას. ამასთან, ჩვენი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ შევისწავლოთ დეტალურად როგორც გეოგრაფიულ ისე საგნობრივ ჭრილში თუ გვაქვს დეფიციტი და შესაბამისად, ამ მიმართულების კონტექსტში მოვიზიდოთ მასწავლებლები, გადავამზადოთ და სკოლები უზრუნველვყოთ ამ პედაგოგებით.
2026 წლის იანვარში დამტკიცდება მასწავლებელთა კარიერული წინსვლის გეგმა. მისი განხილვა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ყველა ქალაქში მოხდა, თუმცა ჩვენ დეკემბრის ბოლომდე ვაპირებთ უფრო დეტალურად თქვენთან ერთად განვიხილოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავამტკიცოთ. ეს საშუალებას მისცემს თითოეულ მასწავლებელს თვითრეალიზაცია მოახდინოს არამხოლოდ ლოკალურად - სკოლის დონეზე, არამედ რაიონულ, მუნიციპალურ და ეროვნულ დონეზე.
ამასთან, ჩვენ გავაგრძელებთ შრომის ანაზღაურების მზარდ კომპონენტზე ზრუნვას, რომელიც ამ კონცეფციაში მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, მასწავლებელთა კარიერული წინსვლისთვის, გასულ წლებში შესაბამისი გამოცდები ტარდებოდა, ხოლო შემდგომ სტატუსის ამაღლებისთვის მასწავლებელი თავის პორტფოლიოს სპეციალური კომისიის წინაშე წარადგენდა, რომელიც მისი სტატუსის გაზრდის გადაწყვეტილებას იღებდა. ეს პროცესი უკვე მეორე წელია შეჩერებულია.
აღსანიშნავია, რომ სულ სამი სტატუსი არსებობს: უფროსი, წამყვანი და მენტორი. თითოეულის შემთხვევაში ხელფასებიც განსხვავებულია. თუმცა გასული წლის ზაფხულში, განათლების მაშინდელი მინისტრის გიორგი ამილახვრის ხელმძღვანელობით მასწავლებლების ხელფასების გაანგარიშების ახალი ფორმულა შემუშავდა, რომლის შედეგადაც წამყვანის ფუნქციური დანამატი - 150 ლარი, ხოლო მენტორის ფუნქციური დანამატი - 300 ლარი გახდა.
მასწავლებელთა ხელფასის ახალ ფორმულას მაშინვე ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ხელფასის მატება ყველაზე ნაკლებად მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებლებს შეეხოთ. როგორც განათლების სპეციალისტმა, შალვა ტაბატაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, მასწავლებელთა ხელფასების მომატების სქემით სახელმწიფომ წინასაარჩევნოდ გათვლა გააკეთა უფრო მეტ მასწავლებელზე და მათი კმაყოფილების ხარისხზე.




























