მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასწავლებლების ანაზღაურების ახალი ფორმულა დღეს ამოქმედდა - ვის რამდენით ემატება ხელფასი?

მასწავლებელი

მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი დღეიდან, 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა. მასწავლებლების ახალი წესით დაანგარიშებული ხელფასები ბაზაში 5 ივლისს აისახება.

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს:

ა) თანამდებობრივ სარგოს, რომელიც ანგარიშდება შემდეგი კრიტერიუმებით:

1. განათლება და კვალიფიკაცია;
2. სამუშაო სტაჟი;
3. სამუშაო დატვირთვა.

და

ბ) შესაძლო დანამატებს:

1. წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი;
2. კლასკომპლექტით სწავლების დანამატი;
3. დანამატი არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ერთ-ერთი შემდეგი საგნის სწავლებისათვის: ქართული არაქართულენოვანი სკოლებისთვის; საქართველოს ისტორია; საქართველოს გეოგრაფია;
4. კლასის დამრიგებლობის დანამატი;
5. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი.

ანაზღაურების გაანგარიშების ცხრილი

საათობრივი დატვირთვის რაოდენობის მიუხედავად, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატი განისაზღვრება ფიქსირებული ოდენობით:

ა) წამყვანის ფუნქციური დანამატი - 150 ლარი;
ბ) მენტორის ფუნქციური დანამატი - 300 ლარი.

2 წლის განმავლობაში მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება შეუძლია ერთზე მეტ სკოლაში და შესაბამისად, დანამატი გაიცემა ყველა იმ სკოლაში, სადაც ასრულებს შესაბამის ფუნქციას.

თუ მასწავლებლის შრომის ანაზღაურება გაანგარიშების ახალი წესით ნაკლებია 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მიღებული ანაზღაურებისა, 2 წლის განმავლობაში მასწავლებელს უნარჩუნდება ძველი ანაზღაურება და მიეცემა დამატებით 200 ლარი. 200 ლარიანი მატება შენარჩუნებული იქნება გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდეგაც.

თუ ახალი წესით და ძველი წესით დაანგარიშებულ ხელფასებს შორის სხვაობა არ იწვევს 200 ლარის ოდენობით ხელფასის ზრდას, მაშინ მასწავლებელს საათობრივი დატვირთვის მიუხედავად, გაზრდილი ანაზღაურება მიეცემა მინიმუმ 200 ლარის ოდენობით.

ივლისის და აგვისტოს თვეების საშვებულებო ანაზღაურება ახალი წესის შესაბამისად გაიცემა 2024 წლის აპრილის, მაისისა და ივნისის დატვირთვების მიხედვით, ივლისის თვის პირველ ნახევარში.

მასწავლებელთა ხელფასის ახალ ფორმულას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ მატება ყველაზე ნაკლებად მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებლებს შეეხოთ. როგორც განათლების სპეციალისტმა, შალვა ტაბატაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, მასწავლებელთა ხელფასების მომატების სქემით სახელმწიფომ წინასაარჩევნოდ გათვლა გააკეთა უფრო მეტ მასწავლებელზე და მათი კმაყოფილების ხარისხზე. განათლების მკვლევარმა მერი ქადაგიძემ კი განაცხადა, რომ "ახალი სახელფასო პოლიტიკა მასწავლებლებს შორის ურთიერთობას დაძაბავს“.

თავის მხრივ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ ახალი სახელფასო პოლიტიკის შემუშავებით, მასწავლებელთა მრავალწლიან მოთხოვნას უპასუხეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები