მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცოცავი ენერგოოკუპაცია - რა (და)უჯდება საქართველოს აფხაზეთის ელექტრომომარაგება

5fbf590c875f0
თელარა გელანტია
26.11.20 12:15
3130
საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის დერივაციული გვირაბის 2018-2019 წლებში გადადებული რეაბილიტაცია 2021 წლის იანვრის ბოლოდან დაიწყება და 3 თვე გაგრძელდება. გვირაბის სიგრძე 15,5 კილომეტრია, დიამეტრი კი - 9,5 მეტრი. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას გვირაბი დაშრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროის მანძილზე, "ენგურჰესის" ხუთივე აგრეგატი სრულად გაჩერდება.

შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ლევან მებონიას გათვლებით, რეაბილიტირებული "ენგურჰესი", რომელიც საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და მისი გამომუშავება, მთლიანი გენერაციის, დაახლოებით, 30%-ს შეადგენს, 30 აპრილიდან 5 მაისამდე პერიოდში ისევ ამუშავდება, თუმცა ამ დროის განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკის სექტორს 300 მლნ/კვტ.სთ ელექტროენერგია დააკლდება.

„ახლა, დაახლოებით, 250 მლნ/კვტ.სთ-ის ექვივალენტი წყალი იკარგება გვირაბიდან; არის გაჟონვები. ასეთ მოკლე დროში 15,5 კმ. გვირაბის სრული რეაბილიტაცია ვერ მოხდება და საუბარია 2.5 კმ-ის რეაბილიტაციაზე. ილუზია არ გვაქვს, რომ ეს გაჟონვები სრულად აღმოიფხვრება, თუმცა დარწმუნებული ვართ, დაახლოებით, 30%-35%-ით აღმოიფხვრება პრობლემა, რაც წელიწადში, 100-120მლნ/კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავებას ნიშნავს", - განმარტავს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე საუბრისას.

"ენგურჰესის" 3 თვით გაჩერება გამოწვევას წარმოადგენს ოკუპირებული აფხაზეთისთვისაც, რომლის მოსახლეობას ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება და ამ პერიოდის განმავლობაში კი, მისი შესყიდვა რუსეთისგან მოუწევთ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზამთარში "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის, ფაქტობრივად, 100%-ს ოკუპირებული რეგიონი მოიხმარს, ზაფხულის სეზონზე კი, ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი 50%-60%-ის ფარგლებშია; არადა 1990-იან წლების ზეპირი შეთანხმების მიხედვით, წარმოებული ელექტროენერგიის 40% - აფხაზეთმა, ხოლო - 60% საქართველოს დანარჩენმა რეგიონებმა უნდა მოიხმაროს.

ენერგეტიკოსები ოკუპირებულ რეგიონში ენერგომოხმარების მზარდ ტენდენციას ორი მიზეზით ხსნიან: პირველი - კრიპტოვალუტების წარმოება ანუ ე.წ. მაინინგია, მეორე ფაქტორი კი ისაა, რომ რადგან აფხაზეთს ენგურჰესის წარმოებული ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება, მოსახლეობა დენს ეკონომიურად არ მოიხმარს. საქართველოს ენერგეტიკული ბალანსიდანაც კარგად ჩანს, რომ ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთში მოხმარება წლიდან წლამდე მზარდია და არც პანდემიიდან გამომდინარე მოხმარების ზოგადი კლება დატყობია, მაშინ, როდესაც საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იანვარ-ოქტომბერში 6%-ით შემცირდა.







კერძოდ, 2020 წლის 10 თვეში ოკუპირებულმა რეგიონმა 1984.8 მლნ/კვტსთ ენერგია მოიხმარა - თითქმის იმდენივე, რაც 2019 წელს სრულად.





როგორც "Sputnik - აფხაზეთი" იუწყება, დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდება ყოველდღიურად, ექვსი საათის განმავლობაშია შეზღუდული. მარიონეტული მთავრობაც აღიარებს, რომ ელექტროენერგიის დეფიციტს კრიპტო-ვალუტის მოპოვება - ე.წ "მაინინგი" ამწვავებს. ამავე წყაროს თანახმად, 17 ნოემბერს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პრესკონფერენცია გამართა, რომლის ერთ-ერთი თემა ელექტროენერგიის დეფიციტი იყო. მისი თქმით, მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კვლავ სთხოვა დახმარება ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც 2021 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ენგურჰესის დროებით გაჩერებას უკავშირდება.

რამდენად სარწმუნოა აღნიშნული ინფორმაცია ამის გადამოწმებას bm.ge ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეეცადა, მაგრამ, ჯერჯერობით, პასუხი ვერ მივიღეთ. არადა, საინტერესოა რა გეგმა აქვს საქართველოს მთავრობას, რადგან ენგურჰესის გაჩერების გარეშეც წლიდან წლამდე მზარდია ელექტროენერგიის იმპორტის ხარჯები - წელს მხოლოდ 10 თვეში ქვეყანამ 43.6 მლნ დოლარის ელექტროენერგია იყიდა.







ენერგეტიკოსები ეჭვობენ, რომ არაა გამორიცხული აფხაზეთის ენერგომომარაგება 2021 წელსაც, ვიდრე ენგურჰესი გაჩერებული იქნება, ისევ საქართველოს მოუწიოს, თუმცა მიაჩნიათ, რომ მთავრობა ასე არ უნდა მოიქცეს. ამ რიგებშია მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი რევაზ არველაძე.

„აფხაზეთისთვის ელექტროენერგია საქართველომ არ უნდა იყიდოს“, - ამბობს ენერგეტიკოსი, რომლის აზრითაც, ენგურჰესის გაჩერება შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს შანსად - დავანახოთ ოკუპირებული რეგიონის მარიონეტულ რეჟიმს, რომ უფასო არაფერია.

„როგორც ვიცით, ზამთრის თვეებში, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად მიაქვს აფხაზეთს; მეტიც, როცა არ ჰყოფნის, ჩვენი სხვა სისტემებიდან ვამატებთ; ამას დარეგულირება სჭირდება. სწორად რომ მივუდგეთ, აფხაზეთის მხარეს ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 20%-ზე მეტი არ ეკუთვნის, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, ფაქტობრივად, 50/50-ზეა და ზამთარში კი, 100%-ვე მიაქვს. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს.

ისინი სარგებლობენ იმით, რომ სამანქანო დარბაზი მათ მხარესაა და რადგან უფასო ელექტროენერგია აქვთ, არც ფიქრობენ ენერგეტიკის განვითარებაზე, ეს უნდა შევაცვლევინოთ. როგორ? - მაგალითად, როცა 2017 წელს ენგურჰესის გვირაბს ვამოწმებდით, 2 კვირით დავცალეთ წყალსაცავი და ენგურჰესი გაჩერდა; მაშინ ნახეს, რომ საყიდი გაუხდათ ელქტრენერგია. ახლაც 2-3 თვე იქნება თუ 6 თვე, თვითონ უნდა იყიდონ ელექტროენერგია რუსეთიდან და დაინახავენ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი ანუ როცა მოუწევთ ელექტროენერგიის ყიდვა, იძულებული იქნებიან, მოსახლეობასაც დენის საფასური გადაახდევინონ“, - აცხადებს ენერგეტიკოსი.

BM.ge-ის კითხვაზე - რამდენადაა მოსალოდნელი, რომ ვიდრე ენგურჰესი გაჩერებული იქნება, ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომომარაგებისთვის ხარჯის გაწევა საქართველოს მოუწიოს, მეცხრე მოწვევის პარლამენტარმა ეკონომიკის სამინისტროსკენ გადაგვამისამართა. თავად კი ფიქრობს, რომ ჰესის გაჩერება შანსია.

„ვთვლი, რომ ჩვენ არ უნდა მოგვიწიოს აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ყიდვა. გასაგებია, რომ ჩვენი დები და ძმები არიან, მაგრამ მე როდესაც არ ვიხდი საფასურს, იმ წუთასვე მეთიშება დენი და მათ კი უფასოდ აქვთ; რა გამოდის - მე უფრო ნაკლები საქართველოს მოქალაქე ვარ, ვიდრე - აფხაზი?! ამდენად, მიმაჩნია, რომ ენგურჰესის გაჩერება არის შანსი და რამდენად გამოიყენებს მთავრობა, ამას ზაფხულში დავინახავთ“, - აღნიშნა ენერგეტიკოსმა.

რევაზ არველაძის მსგავსად, რეაბილიტაციის მიზნით, ენგურჰესის 3-თვიან გაჩერებას, როგორც საქართველოს მთავრობის შანსს, ისე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია “მსოფლიო გამოცდილება-საქართველოსთვის” ხელმძღვანელი. მურმან მარგველაშვილის აზრით, აუცილებელია გეგმა, რომელიც არ ჩანს.

„პრობლემაა ისაა, რომ ენგურჰესთან დაკავშირებით არ გვაქვს თანმიმდევრული, სტრატეგიული გეგმა, როგორ ვიქცევით, რადგან თუ აფხაზეთში ენერგომოხმარების ტენდენციას შევხედავთ, წელსაც კი, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის გამო ელექტროენერგიის მოხმარების კლებისა, აფხაზეთში 20%-35%-იანი ზრდაა სხვადასხვა თვეებში. ძალიან მატულობს იმ ელექტროენერგიის მოხმარება, რომელიც ენგურჰესიდან უფასო მიაქვთ; სავარაუდოდ, კრიპტოვალუტის საწარმოებლად იყენებენ და თუ რამე ზომა არ მივიღეთ და მხოლოდ ჩავატარეთ ენგურჰესის რეაბილიტაცია, ვხარჯეთ რესურსები, რომ მერე აფხაზეთის მხარეს უფასოდ მივაწოდოთ ელექტროენერგია, ეს ჩიხში მიმავალი ტაქტიკაა და სტრატეგიის არქონის პირობეში, მხოლოდ ზიანს მოგვიტანს, ამდენად გამოსავალია საპოვნი.

სამწუხაროდ, მიზანს და მასთან მისასვლელ გეგმას ვერ ვხედავ, არაფერი მსგავსი არ მსმენია. ჩვენ აფხაზეთის მხარეს უნდა დავანახოთ და მკაფიოდ დავაყენოთ საკითხი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება ან ჩვენ სხვა საშუალება უნდა გამოვძებნოთ და დავანებოთ თავი ენგურჰესის რეაბილიტაციას და სხვაგან დავიწყოთ სადგურების მშენებლობა. იქნებ ამ ქმედებით დავანახოთ, რომ უფასოდ ელექტროენერგიას სულ ვერ მიიღებენ“, - ამბობს bm.ge-ისთან ინტერვიუში მურმან მარგველაშვილი, რომელსაც უჭირს გააკეთოს პროგნოზი, წელს რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, მაგრამ ღიად აცხადებს, რომ მას, როგორც მოქალაქეს არსებული პოზიცია არ მოსწონს.

„იმ მიდგომას, რომ უფასოდ ვაწვდით აფხაზეთს ელექტროენერგიას, მე ვაფასებ როგორც ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის სისუსტეს.ამ მიმართულებით არ ვმოქმედებთ და მდგომარეობიდან გამოსავალს არ ვეძებთ; არადა ეს საკითხი უნდა დავაყენოთ ყველგან და ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, მათ შორის რეაბილიტაციის პროცესი, საერთაშორისო თანამეგობრობაც უნდა ჩავრთოთ, პირდაპირი მოლაპარაკებაც ვცადოთ, მოკლედ, ყველანაიარი ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ და კომპლექსური მიდგომით უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, რაშიც ახლა ვართ, ესაა უკიდურესად დამაზიანებელი საქართვლოს ეკონომიკისთვის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, რადგან გვხდის მეტად ენერგოდამოკიდებულს და არ გვაძლევს განვითარების საშუალებას“, - აღნიშნა “მსოფლიო გამოცდილება-საქართველოსთვის” ხელმძღვანელმა.

Bm.ge-მ ორივეს - მურმან მარგველაშვილს და რევაზ არველაძეს ერთი იდენტური კითხვა დაუსვა - ოკუპირებული აფხაზეთის უფასოდ ელექტრომომარაგების ფონზე, კარგავს თუ არა ენგურჰესი საქართველოსთვის ეკონომიკურ სარგებლიანობას?

რევაზ არველაძე: „ენგურჰესი არის ჩვენი ენერგოსისტემის ერთ-ერთი საყრდენი, მაგრამ ყოველწლიურად მისი როლი მცირდება დანარჩენი საქართველოსთვის. ის ყველაზე მნიშვნელვანი სადგურია და კიდევ კარგი, რომ გვაქვს; მეტს ვერაფერს ვიტყვი“.

მურმან მარგველაშვილი: „რამდენად სარგებლიანია ეკონომიკურად ენგურჰესი, ამას დათვლა სჭირდება. აფხაზეთში ენერგომოხმარება მზარდია; კიდევ გაიზრდება და თუ თუ ისევ უფასოდ მივაწოდებთ, ეს ჩიხში შეგვიყვანს და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, არამომგებიანი იქნება. შეიძლება რუსეთის და სხვა ქვეყნების გათვლები სწორედ მაგაზეა - ეს შეიძლება შევაფასოთ, როგორც მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება, ოღონდ ენერგეტიკის მიმართულებით“.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები