მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მეღვინეობაში დონორები განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს ეხმარებოდნენ" - სამანიშვილი ევროპულ გრანტებზე

ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი თანხა დაიხარჯა საქართველოსთვის ისტორიული, ევროპული მეღვინეობის ქვეყნის სტატუსის აღსადგენად, რაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, წყალში იყრება.

"ქართული ღვინის იმიჯი პირდაპირ კავშირშია საქართველოს იმიჯთან, და როდესაც საქართველოზე იწერება ისეთი სტატიები, რომ მივიღეთ ანტი-ლგბტ კანონი, რუსული "გამჭვირვალობის" კანონი, ეს ყველაფერი აისახება ამ იმიჯზე. ჩვენი მომხმარებელი ის ხალხია, ვისაც ახალი ქვეყნის სიახლეები აინტერესებთ და საქმის კურსში არიან, რა ხდება საქართველოში. ახლა რომ ნახულობს ვინმე, როგორ ირბევა აქციები, ან ნებისმიერ ანტიევროპულ განცხადებას, მას, რა თქმა უნდა, აღარ გაუჩნდება სურვილი, გასინჯოს პოსტსაბჭოთა ბელარუსის ტიპის ქვეყნის ღვინო.

ქართული ღვინის მარკეტინგი დღესაც მთლიანად იმაზეა მიმართული, რომ პოსტსაბჭოთა იმიჯი უნდა მოვიხსნათ, რომ ჩვენ უძველესი, ევროპული მეღვინეობის ქვეყანა ვართ. უამრავ ფულს ვხარჯავთ, რომ ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე, მრავალფეროვნებაზე და უცებ [გავრცელებული] საბჭოური ინფორმაცია ჩვენზე კატასტროფაა", - თქვა გიორგი სამანიშვილმა "ანალიტიკასთან" ინტერვიუში.

სამანიშვილმა BMG-ის ეთერში ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირისგან იზოლაცია და დასავლური გრანტების გაუქმება მეღვინეობის დარგს შეაფერხებს. როგორც ის ამბობს, განსაკუთრებით მცირე მარნები დაზარალდებიან, რაც კიდევ უფრო შელახავს ქართული ღვინის იმიჯს.

"ალბათ გახსოვთ [პაპუაშვილის] განცხადება, ევროკავშირის წევრი რომ გავხდეთ, მეღვინეობის დარგი ჩამოიქცევაო. ეს განცხადება მიიჩქმალა და ახლაც ნებისმიერ თანამდებობის პირს რომ ჰკითხოთ, რა თქმა უნდა, ამას არ გაიმეორებს. ყველამ კარგად იცის, რა პრობლემა შეიძლება შეექმნას დარგს და ეს არ არის თანხაზე. ძალიან ბევრი ფული დონორებისგან არ იხარჯებოდა ჩვენს დარგში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ურთიერთობები და დიდი ნახტომი, რომელიც დარგმა გააკეთა.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ურთიერთობები, ვიზიტები ევროპაში და ა.შ. განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისთვის, რომელთა ასოციაციები თავისით უბრალოდ ვეღარ იარსებებენ. იმედია, გაგრძელდება დაფინანსება, რადგან დონორები განსაკუთრებით ეხმარებოდნენ მცირე მეწარმეებს.

პატარა და საშუალო ის სეგმენტია, რომელიც აუცილებლად უნდა განვითარდეს, თუ გვინდა რომ ისტორიულ, ევროპული მეღვინეობის ტრადიციებს დავუბრუნდეთ. სხვა შემთხვევაში, გაიზრდებიან ძალიან დიდი კომპანიები, როგორც ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში ხდებოდა, რაც ძალიან ცუდია დარგისთვის, იმიჯი ილახება, ჩავალთ იაფფასიან სეგმენტში, რომელზე მოთხოვნაც მსოფლიოში იკლებს", - განმარტავს სამანიშვილი.

ცნობისთვის: სანამ საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად იტყოდა უარს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირში შესვლით ქართული ღვინის ბაზარი ჩამოიშლებოდა.

"აბა, შეხედეთ ღვინის სექტორს, დღესვე რომ გავწევრიანდეთ [ევროკავშირში], ჩათვალეთ, რომ ღვინის სექტორი ჩამოინგრევა", - ამბობდა მაშინ პაპუაშვილი, თუმცა სექტორის "ჩამოქცევის" მიზეზები არ დაუკონკრეტებია.

"მგონია, ღვინის კომპანიებს აქვთ საღი აზრი, რომ ასეთ მახინჯ სტრუქტურებში არ იყვნენ" - სამანიშვილი "ქართულ-რუსულ" ბიზნესასოციაციაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები