"მეგობარი აქტს" ვერ წავიკითხავ, როგორც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილს საქართველოსთან მიმართებაში", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისი მოსაზრებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკასა და აღნიშნულ აქტს შორის შეუთავსებლობაა და ეჭვს გამოთქვამს, რომ მისი საბოლოო დამტკიცება არსებული ფორმით არ მოხდება.
"მე ვერ აღვიქვამდი ამას, ["მეგობარი აქტს"] როგორც სიგნალს ახალი ადმინისტრაციიდან, რადგან თუ კარგად წავიკითხავთ, აბსოლუტურ შეუთავსებლობას ვნახავთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკასა და იმას შორის არც ამ აქტშია ასახული.
მე ნამდვილად ვერ წავიკითხავ ამ აქტს, როგორც ახალი ადმინისტრაციის გზავნილს საქართველოსთან მიმართებაში. მე უფრო დავარქმევდი იგივე ძალების მცდელობებს, კიდევ ერთხელ დააყენონ დღის წესრიგში საქართველო ნეგატიური კონტექსტით.
ეს აქტი საბოლოოდ არ არის მიღებული. საბოლოო მიღებამდე ბევრი პროცედურაა გასავლელი და დიდ ეჭვს გამოვთქვამდი იმაზე, რომ ეს აქტი ამ ფორმით დამტკიცდეს", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა "მეგობარი აქტს" მხარი დაუჭირა. ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს შესახებ, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის დახმარებას საქართველოს დემოკრატიული პროგრესის შემთხვევაში. იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, ის უნდა დაამტკიცოს კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა, შემდეგ კი - მთლიანმა პალატებმა.
MEGOBARI Act-ი შემდეგ საკითხებს მოიცავს:
- აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრული გადახედვის ინიცირებას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით;
- ის აღიარებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკური გაწევრიანების პროცესის ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულების მიმართ;
- მოითხოვს პრეზიდენტმა სანქციები დაუწესოს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და მათ მხარდამჭერებს, რომლებიც ჩართულნი არიან კორუფციაში, რათა შეაფერხონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, შეარყიონ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ან ჩაერთონ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რომლებიც საზიანოა საქართველოში სტაბილურობისთვის;
- ხალხთა შორის კავშირების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როდესაც საქართველო შესაბამისობაში მოვა საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან;
- გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, განგრძობადი და უკანონო რუსული ოკუპაციის პირობებში.




























