მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტი კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს - დავითაშვილი "პოლოლიკაშვილის სკანდალზე"

ზურაბ პოლოლიკაშვილი

"ოცნების" ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი UN Travel-ის გენმდივნის პოზიციაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის საქმიანობას აფასებს და აცხადებს, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ურთიერთხელსაყრელი იყო როგორც საქართველოსთვის, ასევე გაეროს ტურიზმისთვის - ამის შესახებ დავითაშვილმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

"ვფიქრობ, რომ ბატონ ზურასთან წლების განმავლობაში ძალიან კარგი თანამშრომლობა გვქონდა საქართველოს მთავრობასაც, ეკონომიკის სამინისტროსაც და მეც პირადად; არაერთი პროექტი იყო, რომლებიც ერთობლივად განვახორციელეთ... ვფიქრობ, ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ტურიზმისთვის, პანდემიის პერიოდში მოუწია ბატონ ზურას მუშაობა, ძალიან რთული იყო დარგისთვის ეს პერიოდი.

ვფიქრობ, რომ ბატონმა ზურაბმა საკმაოდ წარმატებით იმუშავა ამ პოზიციაზე და საქართველოსა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობაც იყო ძალიან საინტერესო და ურთიერთხელსაყრელი, იმიტომ რომ საქართველო იყო ბენეფიციარი ძალიან ბევრი იმ ინიციატივის, რომლებსაც ბატონი ზურაბი ხელმძღვანელობდა და საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებდა, მაგრამ ასევე საქართველო იყო ამ ორგანიზაციის ძალიან დიდი მხარდამჭერი ყველა პლატფორმაზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კითხვაზე, "რა შეეშალა ზურაბ პოლოლიკაშვილს", რის გამოც საქართველომ UN Travel-ის გენმდივნის არჩევნებიდან მისი კანდიდატურა გამოიწვია, დავითაშვილი არ პასუხობს. მისი თქმით, პოლოლიკაშვილმა პოზიცია ორი ვადით უკვე დაიკავა, რაც საერთაშორისო პრაქტიკაა.

"მოდი ასე ვთქვათ: ამის შესახებ მეტი კომენტარის გაკეთებას, მგონი, აზრი არ აქვს. ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც ორი ვადით შემოიფარგლებოდა, ეს ორი ვადა არის საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში, გაეროს ორგანიზაციებში არსებობს. კი ბატონო, [მესამე ვადითაც] ყოფილან [ვიღაცები], თუმცა გვესმის რა არის რეალობა და რეალისტური მოცემულობა და ამის შესახებ პოლიტიკური ხელმძღვანელობა შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

"ქართულმა ოცნებამ" ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა და გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე გაერთიანებული საამიროების კანდიდატს დაუჭირა მხარი. შაიხან ნასერ ალ ნოვაისი თანამდებობაზე 30 მაისს აირჩიეს. უცხოური მედია, მათ შორის The Diplomat, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის დადებულ სავარაუდო გარიგებაზე წერდა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩევნებიდან ქართველი ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გაიწვია და მხარი საამიროების კანდიდატს დაუჭირა, სანაცვლოდ კი საამიროებიდან გიორგი ბაჩიაშვილი მიიღო.

უცხოური მედია პოლოლიკაშვილისა და ბაჩიაშვილის საქმეებზე, საქართველო-UAE-ს სავარაუდო გარიგებაზე წერს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები