2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საფრენი აპარატების იმპორტი 649.2%-ით გაიზარდა. ხოლო, აპრილში 99.5%-ით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველომ 36.1 მლნ აშშ დოლარის საფრენი აპარატები იყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 4.8 მლნ აშშ დოლარის.
სრული 4 თვის მონაცემებით მთავარი იმპორტიორი კატარია, ხოლო გასული თვის მონაცემებით გერმანია. აპრილში საქართველომ გერმანიიდან 9.4 მლნ აშშ დოლარის საფრენი საშუალებები შეიძინა.
იანვარ-აპრილის TOP-5 იმპორტიორის ჩამონათვალი კი შემდეგია:
- კატარი - 22.01 მლნ აშშ დოლარი;
- გერმანია - 9.4 მლნ აშშ დოლარი;
- ყაზახეთი - 3.7 მლნ აშშ დოლარი;
- იტალია - 331.2 ათასი აშშ დოლარი;
- ლატვია - 327.06 ათასი აშშ დოლარი.
რაც ეხება რეექსპორტს, მაჩვენებელი ნულოვანია. ხოლო ექსპორტზე 5.1 მლნ აშშ დოლარის საფრენი აპარატები გავიდა თებერვალსა და აპრილის თვეში.
მარტში, სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, პირველად bm.ge-ი დაინტერესდა, რა სახის საფრენი აპარატები შემოვიდა საქართველოში და რამ განაპირობა მოთხოვნის 490%-ით ზრდა. ამის შემდეგ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ შს მინისტრს ჰკითხა, რა გახდა ზრდის მიზეზი. მინისტრმა თქვა, რომ ეს არ ყოფილა სახელმწიფო შესყიდვა. დამატებითი ინფორმაცია გომელაურს პარლამენტარისთვის არ მიუწოდებია.