დღეიდან ნათელა თურნავას ხელმოწერით მიმოქცევაში ახალი 100-ლარიანები გაეშვება - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ხელმოწერილი 13 აგვისტოთი დათარიღებული სებ-ის საბჭოს დადგენილებიდან ირკვევა.
დოკუმენტის მიხედვით, 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები 2020 წლის გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების დიზაინის და სხვა მახასიათებლების იდენტური იქნება და გამოშვების წლად 2024 მიეთითება. ახალ ბანკნოტებზე, რომლებიც ბაზარზე არსებულ მოძველებულ კუპიურებს ჩაანაცვლებს, განმასხვავებელი ის იქნება, რომ მასზე მითითებული არ იქნება „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის“ აღმნიშვნელი წარწერა.
დადგენილება დღეიდან ამოქმედდა.
ახალი კუპიურებით ჩანაცვლებული 100-ლარიანი ბანკნოტების მოცულობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.
შეგახსენებთ, სებ-ის სტრუქტურაში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი გასულ წელს გაჩნდა, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად და ამავე დროს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად იმ პერიოდში სებ-ის საბჭოს წევრი ნათია თურნავა დაინიშნა. თურნავა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს საბჭოს წევრობის კანდიდატად 2022 წლის მაისში წარადგინა, ივნისში საკანონმდებლო ორგანომ ნათია თურნავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების გამო, IMF-მა $280-მილიონიანი პროგრამა შეაჩერა.