მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მჯერა, ბანკები სწორ ნაბიჯს გადადგამენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური ინსტიტუტები ჩამოიშლება - ივა ჭყონია

ივა ჭყონია

"სანქციებს თუ არ დაექვემდებარა ეროვნული ბანკი, ეს იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ კომერციული კერძო ბანკები სწორ ნაბიჯს გადადგამენ", - ამის შესახებ "აირჩიე ევროპას" დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ EUGBC-ის წევრი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლების აშშ-ს ელჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჭყონიამ მედიასთან განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსური სექტორი ჩამოიშლება.

"ეს სანქციები დაწესებულია კონკრეტული ადამიანების მიმართ და არა ქართველი ხალხის. სანქციები დაწესებულია პერსონალურად იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ ჩადიან დანაშაულს.

კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად სახიფათოა ეს ვითარება მომავლისთვის. სანქციებს თუ არ დაექვემდებარა ეროვნული ბანკი, ეს იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ კომერციული კერძო ბანკები სწორ ნაბიჯს გადადგამენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში ფინანსური ინსტიტუტები ჩამოიშლება და ზედმეტი იქნება საუბარი ინვესტიციებზე, ან ქვეყნის განვითარებაზე. თუ ჩვენ არ შევასრულეთ სანქციის ვალდებულებები, საკმაოდ სერიოზული პრობლემები ექნება ბიზნესსაც და ქვეყანასაც", - განაცხადა ივა ჭყონიამ.

ჭყონიას არ უსაუბრია, როგორი იყო ბიზნესის განწყობები ელჩთან შეხვედრისას.

შეგახსენებთ, 16 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ხაზინამ საქართველოს ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სავიზო და ფინანსური სანქციების პაკეტი წარადგინა. აშშ-ის ხაზინამ 4 ადამიანი - შსს-ის სპეციალური დავალებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე პრორუსული პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა. მათ ფინანსური სანქციები გლობალური მაგნიტსკის სიის ფარგლებში დაუწესდათ. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფართოვა სავიზო სანქციებიც და ის დაუწესა 60 პირსა და მათ ოჯახის წევრებს, ვინც ქვეყანაში დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, დეზინფორმაციის გავრცელებასა და კორუფციაში არიან ჩართული.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საბანკო ასოციაციაში bm.ge-სთან აღნიშნეს, რომ კომერციული ბანკები წარსულშიც იცავდნენ და მომავალშიც დაიცავენ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.

შეგახსენებთ, გასულ წელს, აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანებით სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს იმ შემთხვევაში შეეხება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები