"მოკლევადიან პერიოდში, შესაძლოა, მოთხოვნა გაიზარდოს, შემდეგ, სავარაუდოდ, შემცირდება", - ასე ეხმაურება ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ალექსი ნონიაძე ცვლილებას, რომელსაც რუსეთი გეგმავს.
საქმე ის არის, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან რუსეთში ავტომობილების იმპორტი, შესაძლოა, გართულდეს. რუსეთის მთავრობა ქვეყანაში ავტომობილების „რუხი“ იმპორტის გაზრდილი მაჩვენებლის შემცირებას და ადგილობრივი ბაზრის დაცვას ცდილობს. ახალი წესების მთავარი არსი ევრაზიული კავშირიდან განბაჟებული ავტომობილების შემომყვანებსა და იმ იმპორტიორებს შორის თანაბარი პირობების შექმნაა, რომლებიც ავტომობილებს რუსეთში ანბაჟებენ.
მისი თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ქვეყანაში ავტომობილების დეფიციტი არ არის და პუტინისთვის მნიშვნელოვანი ახლა ბიუჯეტის შევსებაა.
"ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნები ერთმანეთთან თავისუფალი სავაჭრო სივრცით სარგებლობენ. ამით რუსეთის ბიუჯეტი სოლიდურ თანხას, 200 მილიარდ რუბლამდე, კარგავს. ბუნებრივია, როდესაც ის ომს აწარმოებს, ბიუჯეტში დანაკარგები მისთვის მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იანვარში ყირგიზეთი საქართველოს მთავარი საექსპორტო პარტნიორი გახდა. საქართველოს $338.6 მილიონიან ექსპორტში ცენტრალური აზიის ეს ქვეყანა 13.7%-იანი წილით უმსხვილესი საექსპორტო მიმართულებების რეიტინგის სათავეში მოექცა და რუსეთსა და აზერბაიჯანსაც გადაასწრო. იანვარში ყირგიზეთში ექსპორტი წლიურად 180%-ით 46.2 მლნ დოლარამდე გაიზარდა, საიდანაც $45 მილიონზე მეტი ავტომობილების ექსპორტს, უფრო კონკრეტულად კი რეექსპორტს ეკავა.