2023 წლის პირველი ივლისიდან, საქართველოში ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის წესი ამოქმედდა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა დაამტკიცა. აღნიშნული რეგულაცია ითვალისწინებს, როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების სარეგისტრაციო მოთხოვნებს და ადმინისტრაციულ და მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს, ასევე რეგისტრაციის შემდგომ ვალდებულებებს.
ამასთან, 2023 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოში ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებებიც ამოქმედდა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ოთხი ძირითადი მიმართულება განისაზღვრა, ესენია: ვირტუალური აქტივი, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივი, ვირტუალური აქტივის მომსახურება და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში კრიპტოინდუსტრიის რეგულირების საკითხში, კონსულტანტებად ჩართული იყვნენ კრიპტოინდუსტრიის წარმომადგენლები, მათ შორის ქართული და საერთაშორისო კომპანიები.
ამ ყველაფრის პარალელურად, ბოლო თვეებში, საქართველოში მეტად გააქტიურდა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სტეიბლკოინის, USDT-ის ემიტენტი, ანუ გამომშვები კომპანია Tether-ი, რომელმაც, მაისის ბოლოს, ინვესტიცია ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპში, CityPay.io-ში განახორციელა. BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პაოლო არდოინომ ქართული სტარტაპის ის ღირებულებაც დაასახელა, რომლის საფუძველზე კომპანიამ ინვესტიცია განახორციელა; ეს თანხა - $15 მილიონია.
ქართულ სტარტაპში ინვესტირების და საქართველოში კრიპტოინდუსტრიის რეგულირების საკითხზე, Tether-ის ტექნოლოგიურმა დირექტორმა ვრცლად ისაუბრა. პაოლო არდოინოს თქმით, საქართველოში საკანონმდებლო-საკონსულტაციო პროცესებში Tether-ი, ამ ეტაპზე, ჩართული არ არის.
BMG-სთან არდოინომ კრიპტოინდუსტრიის რეგულირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგადად, ბაზრის რეგულირება - კარგია.
“ნათელია, რომ მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში, საქართველოში და მსოფლიოში რეგულირების პროცესი დაჩქარდება. წლების განმავლობაში შვეიცარიაში ვცხოვრობდი, სადაც ადგილობრივმა მარეგულირებელმა, FINMA-მ კრიპტოვალუტების რეგულირება ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. ევროპაში MiCA ფუნქციონირებს - ლიცენზია, რომელიც 2024 წლის შუიდან, კრიპტოვალუტებისთვის, სტეიბლკოინებისა და ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერებისთვის, ანუ ვასპ-ებისთვის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის.
რეგულაცია, ზოგადად, კარგია, რადგან ის მომხმარებლების დასაცავად ჩარჩოს ქმნის. ყველამ ვნახეთ, თუ რა მოხდა 2022 წელს, ასე რომ მთავრობების მიერ ამ ტექნოლოგიის რეგულირებაზე ფიქრი - სამართლიანია. თუმცა, მნიშვნელოვანია, მარეგულირებლებს ავუხსნათ, რომ ჭარბი რეგულირება სწორი გზა არ არის. ამ ტექნოლოგიას შეუძლია ფინანსური ბიზნესის, ლოგისტიკის, ინტელექტუალური საკუთრების და სხვა სფეროები თავდაყირა დააყენოს. ეს ისაა, რის მიტანასაც მარეგულირებლისთვის ვცდილობთ”, - განაცხადა Tether-ის ტექნოლოგიურმა დირექტორმა.
ცნობისთვის: Tether-ის მიერ გამოშვებული სტაბილური კრიპტოვალუტა, იგივე სტეიბლკოინი, საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოში რიგით მე-3 კრიპტოვალუტაა - ბიტკოინისა და ეთერის შემდეგ. დღეს, USDT-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $83 მილიარდს აღემატება.