საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც ვირტუალური აქტივებით ვაჭრობის ფასილიტატორ იურიდიულ პირებს, მათ შორის ფინანსურ ინსტიტუტებს შეტყობინების ვალდებულებას განუსაზღვრავს. ასევე აღნიშნული ნორმები საეჭვო ტრანზაქციების შეტყობინებასაც ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ცვლილებები ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) და Moneyval-ის რეკომენდაციების შესაბამისად არის მომზადებული, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით მონიტორინგის გაძლიერებისკენ მოუწოდებდა.
“MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემისას განსაზღვრული ვალდებულებები უნდა გავრცელდეს ფინანსურ ინსტიტუტებზეც, რომელიც მხოლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს ეხებოდა. შესაბამისად, ცვლილება შედის 17(1) მუხლში, რომელშიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე დაზუსტდება ვირტუალური აქტივის გადაცემის ტერმინი და მოხდება საეჭვო ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით ნორმის გაფართოება, რომელიც მიმღებ პროვაიდერთან ერთად, ასევე გავრცელდება ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალ პროვაიდერზეც და საეჭვოობის საფუძვლად გათვალისწინებული იქნება არამარტო გადამცემის და მიმღების საიდენტიფიკაცო მონაცემების, არამედ სხვა მონაცემების არასრულად წარმოდგენაც.
დაზუსტდება ვირტუალური აქტივის გადაცემის ტერმინი და მოხდება საეჭვო ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით ნორმის გაფართოება, რომელიც მიმღებ მომსახურების პროვაიდერთან ერთად, ასევე გავრცელდება ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალ პროვაიდერზეც და საეჭვოობის საფუძვლად გათვალისწინებული იქნება არამარტო გადამცემის და მიმღების საიდენტიფიკაციო მონაცემების, არამედ სხვა მონაცემების არასრულად წარმოდგენაც,”- ნათქვამია კანონპროექტში.