საქართველოს პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მაღალი რისკის იურისდიქციებთან, მათ შორის ოფშორულ ზონებთან მიმართებით ფინანსური ოპერაციების მონიტორინგის ხარისხს ზრდის. საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ და ის ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) და Moneyval-ის რეკომენდაციების შესაბამისად არის მომზადებული, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით მონიტორინგის გაძლიერებისკენ მოუწოდებდა.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მაღალი რისკის იურისდიქციებში (ოფშორებში) დაფუძნებულ სატრასტო სტრუქტურებთან მიმართებით ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში უნდა მოხდეს სატრასტო სტრუქტურის სადამფუძნებლო შეთანხმების დოკუმენტაციის წარდგენა.
“MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის მქონე პირის მიმართ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას, კანონი არ მოითხოვს ტრასტის შექმნის დოკუმენტის გაცნობას. აღნიშნულმა ხარვეზმა, უარყოფითი გავლენა მოახდინა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის 22-ე რეკომენდაციაზე. შესაბამისად, კანონპროექტით აღნიშნული ჩანაწერი ემატება კანონს.
MONEYVAL-ის შეფასების ანგარიშით, როდესაც ანგარიშვალდებული პირი ეყრდნობა მესამე პირს ან შუამავალს, იგი უნდა დარწმუნდეს, რომ მესამე პირს/შუამავალს გააჩნია სათანადო შესაძლებლობები პრევენციული ღონისძიებები გაატაროს და ინფორმაცია (დოკუმენტები) შეინახოს. ამასთან, მესამე პირზე/შუამავალზე დაყრდნობის აკრძალვა ვრცელდებოდა მხოლოდ მაღალი რისკის იურისდიქციის ადგილსამყოფელზე, ხოლო რეგისტრაციის ან/და საქმიანობის ადგილი კი კანონით არ იყო გათვალისწინებული. კანონის არ შეიცავდა დანაწესს შესაბამისობის კონტროლის სისტემის საკმარისად ადეკვატურობასთან დაკავშირებით. აღნიშნული დამატებები კანონპროექტითაა გათვალისწინებული, რითაც აღმოიფხვრება 22-ე რეკომენდაციის სამი ხარვეზი,”- ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, მაღალი რისკის იურისდიქციებს განეკუთვნებიან:
ა) ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა;
ბ) ალბანეთის რესპუბლიკა;
გ) ბარბადოსი (ოფშორი);
დ) ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობა (ოფშორი);
ე) ბოტსვანის რესპუბლიკა;
ვ) განას რესპუბლიკა;
ზ) გიბრალტარი (ოფშორი);
თ) დომინიკის თანამეგობრობა (ოფშორი);
ი) ერაყის რესპუბლიკა;
კ) ვანუატუს რესპუბლიკა (ოფშორი);
ლ) ზიმბამბვეს რესპუბლიკა;
მ) თერქს-ქაიქოსის კუნძულები (ოფშორი);
ნ) იამაიკა (ოფშორი);
ო) იემენის რესპუბლიკა;
პ) ირანის ისლამური რესპუბლიკა;
ჟ) კაიმანის კუნძულები (ოფშორი);
რ) კამბოჯის სამეფო;
ს) კოლუმბიის რესპუბლიკა;
ტ) კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა;
უ) მავრიკის რესპუბლიკა (ოფშორი);
ფ) მიანმარის კავშირის რესპუბლიკა;
ქ) ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა;
ღ) ნიკარაგუის რესპუბლიკა;
ყ) პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა;
შ) პანამის რესპუბლიკა (ოფშორი);
ჩ) სეიშელის რესპუბლიკა (ოფშორი);
ც) სენტ-ვინსენტი და გრენადინები (ოფშორი);
ძ) სირიის არაბთა რესპუბლიკა;
წ) ტაჯიკეთის რესპუბლიკა;
ჭ) უგანდის რესპუბლიკა.
საქართველოს პარლამენტში აღნიშნულ კანონს დაჩქარებული წესით განიხილავენ.