მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსალოდნელია, რომ სამომავლოდ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი შემცირდება - ცომაია Fitch-ის მიერ პერსპექტივის გაუარესებაზე

აკაკი ცომაია

ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების და დასავლეთისგან იზოლაციის პირობებში მოსალოდნელია, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შემცირდეს.

როგორც ცომაიამ BMG-ის განუცხადა, Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" გაუარესება იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოზიდული ფინანსური სახსრები გაძვირდება, რაც საბოლოოდ მომხმარებლებს საკრედიტო რესურსს გაუძვირებს.

“BB საკრედიტო რეიტინგი ისედაც არასტაბილური საინვესტიციო ქვეყნის სტატუსია. ცხადია, მოლოდინი მაქვს, რომ მხოლოდ პერსპექტივის გაუარესებით არ დასრულდება ეს და BB დონე კიდევ უფრო უარესი რეიტინგით შეიცვლება, მაგალითად, (B+)-ით. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოურ ვალუტაში კრედიტი გაძვირდება. საქართველოსთვის რეიტინგის გაუარესება კაპიტალის მოზიდვას გააძვირებს. ქვეყნის რისკპრემიუმი იმატებს, მოზიდული სახსრები გაძვირდება და და ბანკებს მოუწევთ, ბევრად უფრო ძვირი კრედიტის მიწოდება ბიზნესისთვის, ეს რა თქმა უნდა, საკრედიტო აქტივობაზე უარყოფითად აისახება“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ცნობისთვის, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს პერსპექტივა გააუარესა. განახლებული შეფასებით, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა. რაც შეეხება პერსპექტივას, ის "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები