თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარია ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესებს სამწუხაროს უწოდებს.
დღეს, 20 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა. მიზეზი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. შედეგად, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხლაძეს საბანკო შეზღუდვები არ შეეხება. თავის მხრივ, საქართველოს ორი უმსხვილესი კომერციული ბანკი "საქართველოს ბანკი" და "თიბისი ბანკი" აცხადებენ, რომ იცავდნენ და დაიცავენ აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო სანქციებით დაწესებულ რეგულაციებს.
“ძალიან სამწუხაროა მათი წასვლა, ისინი ამდენ ხანს მუშაობდნენ ეროვნულ ბანკში. რაც შეეხება ზეგავლენას, ვფიქრობ, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მაინც ძლიერია და მეტი ნეგატივი რომ არ გამოვიწვიოთ, რაც სამწუხაროდ უკვე არის. ეს საკითხი მხოლოდ ეროვნული ბანკის რეგულაციების სფერო არ არის და ბანკებს სხვა უწყებებთანაც აქვთ ვალდებულება. მაგალითად დოლარსა და ევროში გადარიცხვებს თავისი წესები აქვთ, რომლებიც უნდა დაიცვა. ანუ ეს საკითხი მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობით არ რეგულირდება. მოვლენების სამწუხარო განვითარებას ვხედავთ, თუმცა ძალიან დრამატული შეფასებისგან თავს შევიკავებდი", - ამბობს ნადარაია.