მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეფინანსირების განაკვეთის 8%-ზე დატოვება რაციონალური გადაწყვეტილებაა - ოთარ ნადარაია

ოთარ ნადარაია

თიბისის მთავარი ეკონომისტი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების შესახებ, რაციონალურად აფასებს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ბაზრისთვის სიურპრიზი არ ყოფილა. ოთარ ნადარაიამ “საქმის კურსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ გლობალური ფაქტორებიდან გამომდინარე ვითარება მარტივი არ არის, თუმცა ამ ეტაპზე არ ჩანს, რომ სებს პოლიტიკის გამკაცრება მოუწევს. ნადარაის თქმით, “თიბისი კაპიტალის” საბაზო სცენარითაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლის განმავლობაში დაახლოებით ამავე დონეზე დარჩება.

“განაკვეთის უცვლელად დატოვება პრინციპში სიურპრიზი არ ყოფილა და ბაზარზე მონაწილეებსაც იგივე აზრი ჰქონდა. რატომ არ უნდა შემცირებულიყო მეტად?! ინფლაცია მართალია სამიზნეზე დაბალია, თუმცა მთავარია პროგნოზი და პროგნოზის კუთხით ის უახლოვდება და გადააჭარბებს კიდეც 3%-იან მაჩვენებელს.

გაურკვევლობა არის არაერთი მიმართულებით და ვფიქრობ, რომ განაკვეთის უცვლელად დატოვება ნამდვილად რაციონალური იყო, თან იმ ფონზე, რომ დეპოზიტების განაკვეთები, რომელიც რეფინანსირებასთან არ არის დაკავშირებული , ბოლო პერიოდში გაიზარდა, ლარი უფრო გაძვირდა, რაც არის ბოლო პერიოდის ტენდენცია. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ მოლოდინებიც ჩვენიც ასე იყო. პროგნოზს რაც შეეხება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ [მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი] დაახლოებით იმავე დონეზე დარჩება წლის განმავლობაში, რაც არის ჩვენი საბაზო სცენარიც”,- განაცხადა ნადარაიამ BMGtv-ის გადაცემაში "საქმის კურსი".

სებ-ის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით, გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რამდენიმე სცენარს განიხილავს. ერთი მხრივ, მაღალინფლაციური რისკების სცენარს, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. ასევე, მეორე მხრივ, განიხილავს დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი.

ოთარ ნადარაის თქმით, გლობალურად არ არის მარტივი ვითარება, თუმცა ჯერჯერობით არ იკვეთება, რომ ცენტრალურ ბანკს პოლიტიკის გამკაცრება მოუწევს.

“ჯერჯერობით არ ჩანს, რომ გამკაცრების მიმართულება მოუწევს. ჩვენი პროგნოზიც არის, რომ იგივე დონეზე დარჩება. გლობალური ფაქტორებიდან გამომდინარე არ არის მარტივი ვითარება, იგივე ტარიფებთან მიმართებით, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონფლიქტები მოგვარდა, ეს მოვლენების პოზიტიური განვითარებაა. ყველაფერს ართულებს ის, რომ პოზიტიურ განვითარებას დაემატოს ის, რომ საქართველოს, სომხეთის შემთხვევაში მიგრანტების გადინება მოჰყვეს, რაც მაკროეკონომიკურ დონეზე შეიძლება იყოს გარკვეული გამოწვევა. ბევრი სცენარია, მაგრამ საბაზო სცენარში განაკვეთის აწევას არ განვიხილავთ”,-აცხადებს თიბისი მთავარი ეკონომისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები