PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2024 წლის ივნისში გაგრძელდა იმ ადამიანების წილის ზრდის ტენდენცია, რომელთა თვიური ხელფასი 2400 ლარი ან მეტია.
ზოგადად, ივნისში, ხელფასის მიმღებთა რაოდენობა წლიურად 2.5%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.3%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება სახელფასო კატეგორიების მიხედვით მდგომარეობას, შემცირებულია 600 ლარამდე ხელფასის მიმღებთა რაოდენობა, 2 400 ლარს ზემოთ ხელფასს კი უფრო მეტი დასაქმებული იღებს:
- ივნისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 15.7%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
- იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ ხელფასს, 26.2%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.8 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
- მათი რაოდენობა, ვინც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ ხელფასს, 2.2%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
ცნობისთვის, კადრების დეფიციტის გამოწვევის წინაშე არაერთი სექტორი დგას, მათ შორის ტურიზმის ინდუსტრია. ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელფასის მატების მიუხედავად, სათანადო რაოდენობის და კვალიფიკაციის კადრების მოძიება უჭირთ. ამ ფონზე, მომსახურების სექტორში (კურიერი, ტაქსის მძღოლი და სხვა) პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად უცხოელების დასაქმება იქცა. ამავდროულად, საზოგადოებრივი აზრის კვლევებში, ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად მოქალაქეები სწორედ უმუშევრობას ასახელებენ, რაც ხშირად ხდება მოკლე თუ გრძელვადიანი ემიგრაციის ერთ-ერთი წინაპირობა.