სებ–ში მიმდინარე მოვლენები გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში გააანალიზა. ინტერვიუს ამ ნაწილში საუბარი შეეხო მსხვილი ბიზნესის შეხვედრას სებ–ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, საქართველოს პრეზიდენტის როლს და პასუხისმგებლობას და ახალი კანდიდატურების – ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის შეფასებას.
- მსხვილი ბიზნესი ნათია თურნავას შეხვდა. თუმცა, რაც საჯაროდ მოვისმინეთ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან საუბარი გაიმართა საბანკო რეგულაციების შესაძლო ლიბერალიზაციაზე. შეხვედრიდან გამოსულთა კომენტარებიც მკაცრად ამ თემას ეხებოდა. სებ–ის კრიზისზე საუბარი საჭირო არ არის? საჯაროდ ამ თემაზე საუბარი რაიმე დამატებით რყევებს გამოიწვევდა?
- ჩვენ საკმაოდ ჭკვიანი მსხვილი ბიზნესი გვყავს და ისინი მშვენივრად აფასებენ რისკებს. დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, სწორედ კრიზისზე იქნებოდა საუბარი. მაგრამ როგორც დამახასიათებელია ჩვენი ბიზნესისთვის და ხელისუფლებისთვისაც – მათ არჩიეს ახლა სირაქლემას პოზიცია: ჯერ ხომ არ შექმნილა ახალი პრეცედენტი – იქნებ თემა საერთოდ გადაგორდეს. ერთი მხრივ, ხელისუფლებასთან საჯარო დაპირისპირების ეშინიათ იმიტომ, რომ ქართული ბიზნესი ყოველთვის მორჩილი იყო, მაგრამ მეორე მხრივ – ეშინიათ, რა თქმა უნდა, შედეგებისაც. იქ, შიგნით იქნებოდა საუბარი, მაგრამ იქნებოდა იმ ტონალობაში, რომ იქნებ ეს კრიზისი გადავაგოროთ და წინასწარ რატომ უნდა ავტეხოთ ამბავი – რაც აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მიდგომაა იმიტომ, რომ პრეცედენტი როცა შეიქმნება, მაშინ უკვე გვიან იქნება. ზომები ახლავეა მისაღები. ერთადერთი ადამიანი, სხვათა შორის, ვინც პრესინგს ახორციელებს ხელისუფლებაზე, რომ ეს ბრძანება გაუქმდეს არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ამ ავთვისებიანი შენელებული ნაღმის დეტონაციის საფრთხეს აახლოვებს.
- საქართველოს პრეზიდენტის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით კითხვები არ გაქვთ? ქალბატონი ნანა ყეინიშვილი და ბატონი თეიმურაზ ხომერიკი სწორედ მან წარადგინა საბჭოში და შემდეგ ინანა – ზუსტად ისევე, როგორც ინანა ქალბატონი ნათია თურნავას წარდგენა თავის დროზე.
- წარმოუდგენელია ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოში. ეს ანომალიაა. ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს – სისტემის მდგომარეობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა ეს ახსნა ასე – თავის დროზე მან წარადგინა გიორგი ბაქრაძე, რომლის კანდიდატურაც საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო და შემდეგ მან წარადგინა ოდიოზური ფიგურა. ამით ერთგვარი ტესტი ჩაუტარა პარლამენტს, რომ ეს კონტრასტი ეჩვენებინა – ჩააგდეს ბაქრაძე, დარჩა ყეინიშვილი.
- და ვინ მოიგო ამით? ვის სჭირდებოდა ეს ლუსტრაცია ახლა, როცა სებ–ში ისედაც კრიზისია? ისედაც არ ვიცოდით, რომ სებ–ის თემა პოლიტიზირებული იყო?
- მე არ ვამართლებ პრეზიდენტს. მე მისის ადვოკატი არ ვარ. იცით, რომ მე მასთან ოპონირების ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ის დღეის მდგომარეობით აკეთებს სასარგებლო საქმეს და არ შეიძლება ჩვენ ეს არ დავინახოთ და არ დავუფასოთ. ფაქტი სახეზეა, ყეინიშვილის და მისნაირი ფიგურების შეყვანა; მესტვირიშვილის და გაგუას ჩანაცვლება და ბაქრაძის გამოსვლა – ძალიან მძიმე სიმპტომია. ფაქტობრივად, როდესაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ რაღაც [ეკონომიკური ზრდის] პროგნოზებზე, ფინანსურ სტაბილურობაზე და ა.შ. – პარალელურად, ვხედავთ რა პროცესი მიდის ეროვნული ბანკის ადმინისტრაციაში. ეს სახიფათო პროცესია. ხელისუფლებამ, თურნავას ხელით გვაჩვენა, რომ ის მზად არის საკუთარი კეთილდღეობის გამო, ქვეყანა შენელებული მოქმედების ნაღმზე დასვას. ის, რომ ამით [საგამონაკლისო წესით] საქართველოს მოქალაქეებს იცავენ, სრული აბსურდია. აქაც ტვინის გამორეცხვა მიდის: სანქციები არ გულისხმობს ადამიანებისთვის ქონების წართმევას.რა შუაშია აქ კონსტიტუცია?! აქ საუბარია აქტივების გაყინვაზე. მერე აწარმოე გამოძიება სასამართლო წესით. აქ ლაპარაკია წინასწარ ღონისძიებებზე. მთელი მსოფლიო ასრულებს ამ სანქციებს.
- რას ხედავთ, როგორც გამოსავალს შექმნილ ვითარებაში? შეიძლება სიტუაცია გასწორდეს ბრძანების გაუქმების გარეშე?
- ბრძანება უნდა გაუქმდეს! ნაღმზე წამზომი უნდა გაჩერდეს. ეს ნაღმი ხელისუფლებამ დადო.