საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსხვილი ამერიკული და ევროპული საინვესტიციო კომპანიებისგან შემდგარ დელეგაციას შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
საინვესტიციო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Amundi, Helikon Investments, Yiheng Capital, T. Rowe Price, LMDV Capital, Schroder Investment Management UK, Citi და სხვა.
სებ-ის თანახმად, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები. საუბარი შეეხო საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებას.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოში მაკროეკონომიკური მდგომარეობა მდგრადია, ჯანსაღია საფინანსო სექტორის ინდიკატორები, მაღალია ეკონომიკური ზრდა, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შედეგად კი წლების განმავლობაში ფასების სტაბილურობა ნარჩუნდება.
შეხვედრაზე სტუმრებს სებ-ის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მაკროეკონომიკური პარამეტრების, საბანკო და საფინანსო სექტორის მდგომარეობის და კაპიტალის ბაზრის შესახებ.
სებ-ის თანახმად, აღნიშნული ფონდების ნაწილი უკვე წარმოდგენილია პორტფელური ინვესტორის სახით საქართველოს ეკონომიკაში, ნაწილი კი ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას განიხილავს.




























