მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავამ დღესაც გაიმეორა, რომ IMF-ის პროგრამის გაგრძელებაზე „პოზიტიური მოლოდინი“ აქვს

სებ

კვლავაც პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, თუმცა კონკრეტულ ვადებზე საუბარი რთულია - ასე უპასუხა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კითხვას, როდის გაგრძელდება IMF-ის პროგრამა.

ნათია თურნავა ამბობს, რომ თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს და ფისკალურ ნაწილში, პრობლემები არ არსებობს. ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა, თუ რა ნაბიჯები იდგმება ეროვნული ბანკის ინსტიტუციონალური გაძლიერებისთვის საკანონმდებლო დონეზე, რაც სავალუტო ფონდის პირდაპირი მითითებაა, რაზედაც თურნავას კონკრეტული პასუხი არ გაუცია.

"IMF-თან მიმდინარეობს საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა. არა მხოლოდ, პროგრამის აღდგენის დაჩქარებაზე, რაც ჩვენი და სავალუტო ფონდის ორივეს პრიორიტეტია, არამედ, სხვადასხვა ტექნიკური დახმარების ფარგლებში პროექტებზე. ეს არ შეფერხებულა და პირიქით, ახალი პროგრამებიც დაემატა.

ასევე, ფისკალურ ნაწილში რაიმე შეფერხება არ არის. ესეც, თავის მხრივ ირიბად მეტყველებს პოზიტიურ მოლოდინზე, რომელიც სავალუტო ფონდშიც არსებობს, იმასთან დაკავშირებით, რომ პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს. გეტყვით, რომ მარტში იგეგმება ერთ-ერთი მორიგი სამუშაო მისია, რომელიც ესტუმრება სქართველოს. ანუ, ჩვენ ვმუშაობთ ინსტიტუციონალიზაციაზე და გვაქვს ინფორმაციის მიმოცვლა ფონდთან. გვექნება წლის განმავლობაში შეხვედრის და განხილვის რამდენიმე შესაძლებლობა. კვლავაც პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, თუმცა კონკრეტულ ვადებზე საუბარი რთულია. მთლიანობაში კი, მიმართება პოზიტიურია, რამაც ასევე წამყვანი სარეიტინგო კომპანიების შეფასებებში კარგი ასახვა პოვა", - განაცხადა თურნავამ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ.

მონიტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, შედეგად განაკვეთი 9%-მდე შემცირდა.

ინფორმაციისთვის, IMF-ის პროგრამის შეჩერების შესახებ სექტემბერში გახდა ცნობილი. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიცირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კანონპროექტი 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნულ ბანკი იმ პერიოდისთვის და ასევე IMF კრიტიკული პოზიციას აფიქსირებდნენ. კანონპროექტს 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. აღნიშნულ პერიოდში პარლამენტმა ვეტოს დაძლევისგან თავი შეიკავა.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა პრობლემური იყო იმის გამო, რომ IMF-თან არსებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნაკისრი ვალდებულება არ განახორციელოს პროგრამასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები IMF-თან კონსულტაციების გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტის შესახებ კანონმდებლობაში ჩანაწერის შეცვლა კი სწორედ ასეთ საკითხს წარმოადგენდა.

2023 წლის მაისში არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ვეტოდადებულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა, სწორედ აქედან გამომდინარე, პროგრამის მეორე მიმოხილვა დასამტკიცებლად IMF-ის დირექტორთა საბჭოზე უნდა წარდგენილიყო. თუმცა, 2023 წლის 13 ივნისს, პარლამენტმა ვეტო დაძლია, 22 ივნისს კი ნათია თურნავა ახალი კანონის შესაბამისად სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები