მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნავთობის ალტერნატიული ბაზრები მოძიებული გვაქვს” - ნავთობიმპორტიორთა ასოციაცია რუსეთის ჩანაცვლებაზე

იობაშვილი

ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის განცხადებით, რუსული ბაზარი ფაქტობრივად ჩანაცვლებულია. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, ნავთობის იმპორტის ალტერნატიული ბაზრები უკვე არსებობს და მათთან კონტრაქტიც უკვე აქვთ.

მისივე განმარტებით, რუსეთმა უკვე მერამდენედ საქართველოს ნავთობით მომარაგება შეუწყვიტა, თუმცა დროებით. ამის პარალელურად, არ შეუწყვეტია შუა აზიური ქვეყნების მომარაგება, ამასთან აფხაზეთისაც, რაც პირდაპირი დარღვევაა.

„ნავთობის იმპორტის კუთხით ალტერნატიული ბაზრები მოძიებულიც გვაქვს, ხელშეკრულებებიც გვაქვს და მოწოდებებიც გვაქვს. კერძოდ ევროპის ქვეყნებიდან: საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი. ქვეყანაში გვაქვს კომპანია „რომპეტროლი“, რომლის საკუთრებაც რუმინეთში არსებული ქარხნებია, ასევე ჩვენს ქვეყანაში არის „ლუკოილი“, რომელსაც საკუთარი ქარხნები აქვს ბულგარეთში. ამ ფონზე, ამათ ემატებათ ბელარუსის წყაროც. ჩვენ იქიდან ვიღებთ ნავთობის ძალიან დიდ რაოდენობას. როგორი კატაკლიზმებიც არ უნდა მოხდეს სამყაროში, ჩვენ არასდროს არ ვიქნებით დეფიციტში. საქართველოს [ნავთობის კუთხით] დეფიციტი არ ემუქრება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ გეოგრაფიულად მომგებიან ადგილზე.

მხოლოდ რუსეთმა, უკვე მერამდენედ აკრძალა საწვავის ექსპორტი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროდუქტს ის სხვა ქვეყნებს არ აძლევს. მათ შორის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა შუა აზიური რესპუბლიკები, იმიტომ რომ ისინი ევრაზიის კავშირის წევრები არიან. ასევე საწვავს აძლევს აფხაზეთს და სამაჩაბლოს. ეს არის პირდაპირი დარღვევა", - განაცხადა იობაშვილმა.

მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში ზარალდებიან მცირე ზომის იმპორტიორი კომპანიები, რომლებიც საზღვაო გზით მცირე რაოდენობის ნავთობის იმპორტი მაღალი დანახარჯების გამო არ უღირთ.

"როდესაც ტვირთი ზღვით მოდის, მოდის დიდი რაოდენობები, რომლებმაც ტერმინალები უნდა გაიაროს. აქედან გამომდინარე, კომპანიებს უფრო მეტი დანახარჯები აქვთ. ანუ კომპანიისთვის უფრო მომგებიანი არის რუსეთიდან რკინიგზით შემოტანილი ტვირთი, საიდანაც 2-3 ვაგონის შემოტანაც შეიძლება. პატარა კომპანია ზღვიდან 2-3 ვაგონის შემოტანას ვერ შეძლებს. ამიტომ, ამ სიტუაციაში იჩაგრება პატარა კომპანიები, რომლებიც ერთ ყიდვაზე 5000 ტონა ტვირთს ვერ იყიდიან“, - განაცხადა იობაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთმა ბენზინის ექსპორტის აკრძალვა აგვისტოში ოქტომბრის ჩათვლით გაახანგრძლივა. რუსეთის ფედერაციამ საბაჟო კავშირის წევრ ქვეყნებს მიღმა ბენზინის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 1-ელ მარტს მიიღო.

რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო საწვავს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები