მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომბუდსმენი მოუწოდებს "ევოლუშენ ჯორჯიას" თავი შეიკავოს დასაქმებულთა ღირსების შემლახავი ქმედებებისგან

ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებით ეხმიანება შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების გაფიცვას, რომელიც 12 ივლისს არის დაგეგმილი. ლევან იოსელიანის აპარატი წერს, რომ კერძო სექტორში შრომის უფლების დაცვაზე შეზღუდული მანდატის გათვალისწინებით მხოლოდ განცხადებით და მოწოდებით შემოიფარგლებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, მას საწარმოში დასაქმებული 4 600-მდე თანამშრომელი უერთდება. დასაქმებულებს კომპანიის მიმართ ღირსების შემლახავ დამოკიდებულებასა და შრომის ღირსეული პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები გააჩნიათ.

კერძო სექტორში შრომის უფლების დაცვაზე შეზღუდული მანდატის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი განცხადებით ეხმიანება ამ საკითხს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ განუხრელად იყოს დაცული დასაქმებულთა შრომის უფლებები.

ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემო და შრომის ღირსეული ანაზღაურება შრომითი უფლების განუყოფელი ნაწილია და მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამიანის ღირსეული ცხოვრება. გასათვალისწინებელია, რომ ევროპის სოციალური ქარტია, რომლის ხელშემკვრელ მხარეს საქართველოც წარმოადგენს, აღიარებს ყველა მუშაკის უფლებას, ჰქონდეს უსაფრთხო, სამართლიანი შრომის პირობები და შრომის სათანადო სამართლიანი ანაზღაურება, რაც უზრუნველყოფს მათი და მათი ოჯახების ცხოვრების ღირსეულ დონეს. როგორც სახალხო დამცველის პრაქტიკა მოწმობს, სამწუხაროდ, დასაქმებულების მიერ შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა ან სამუშაოსთან დაკავშირებული კრიტიკის გამოთქმა ზოგადად დამსაქმებლების მხრიდან მიუღებელ პოზიციად ფასდება და ხშირად, საფუძვლად ედება დამსაქმებლის მიერ განსხვავებული მოსაზრების გამო მშრომელების შევიწროებას, სამსახურიდან გათავისუფლებას ან შრომითი უფლებების სხვაგვარ დარღვევას.

დაანონსებული გაფიცვის სავარაუდო მასშტაბის გათვალისწინებით, ამ შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ – აქტიური კომუნიკაცია დაამყაროს დასაქმებულებთან, მათ მიერ დაყენებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად და თავი შეიკავოს დასაქმებულთა ღირსების შემლახავი ქმედებებისგან.

როგორც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის არის ცნობილი, შრომის ინსპექციის სამსახურმა შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ საკითხის შესწავლა დაიწყო. ვიმედოვნებთ, რომ შრომის ინსპექცია ყოველმხრივ და სრულყოფილად შეისწავლის საკითხს და შემჭიდროებულ ვადებში მიიღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას”, - აცხადებს ლევან იოსელიანი.

რას საქმიანობს Evolution, რომელსაც €1.8 მლრდ-იანი შემოსავალი და საქართველოში ყველაზე მეტი დასაქმებული ჰყავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები