მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოპერატიული ინფორმაციით, $5 მლნ-დ მკვლელობა შეუკვეთეს" - ვინ დაასანქცირა და რას საქმიანობს ყოფილი გენერალური პროკურორი?

ყოფილი პროკურორი

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გვარი რომელიც დასავლეთის მიერ არის სანქცირებული დღეს, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ოფიციალურად გაჟღერდა.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დეტექტივმა რობიკო გოგიაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა,, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის „დედ ჰასანის“ შვილიშვილმა, ჯანგველაძის მკვლელობა ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეუკვეთა. მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტს შეეხებოდა.

დეტექტივმა აღნიშნა, რომ ძმები მიქაძეები ლევან ჯანგველაძის წინააღმდეგ ვერ ბედავდნენ ფიზიკურ მოქმედებას, რადგან ლევან ჯანგველაძის ძმა „კანონიერი ქურდია“.

2013 წელს ოთარ ფარცხალაძე საქართველოში მთავარ პროკურორის თანამდებობაზე იყო. ის ამ თანამდებობაზე 7 ნოემბერს დაინიშნა, ხოლო იმავე წლის 30 დეკემბერს თანამდებობა დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ფარცხალაძე თანამდებობაზე საკმაოდ მცირე დროით იყო, ის ხვდება სასანქციო პაკეტებში, როგორც მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირი და უკრაინაში რუსეთის ომის მხარდამჭერი.

bm.ge დაინტერესდა, რომელი ქვეყნების მიერ არის სანქცირებული და რას საქმიანობს ოთარ ფარცხალაძე.

სანქციები

2023 წლის სექტემბერში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან ანგარებით თანამშრომლობაში ამხილა და „[საქართველოში] რუსეთის მანკიერი ზეგავლენის“ გამო, სანქციები დაუწესა ყოფილ გენპროკურორ ოთარ ფარცხალაძეს.

მაშინ "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების ავტომატური ამოქმედება დაუშვებელი იყო, რადგან ეს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდა. ამის შემდეგ, კანონი შეცვალა ეროვნულმა ბანკმაც და ბრძანებაში ჩაიწერა, რომ თუ პირი ქართული სასამართლოს მიერ არ არის მსჯავრდებული, მასზე სანქცია არ ვრცელდება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან სების კრიტიკა მოჰყვა.

"ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, ვინც არ უნდა ყოფილიყო, აუცილებლად იქნებოდა მითქმა-მოთქმის საგანი, იმიტომ რომ პოლიტიკური ზომაა სანქცია და აუცილებლად პოლიტიკურად ცნობადი ფიგურა იქნებოდა", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის იმჟამინდელმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ამ დროს, ფარცხალაძე როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მოქალაქე იყო. მოგვიანებით, მას საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჩამოართვა.

2024 წლის დეკემბრის დასაწყისში "ქართული ოცნების" წევრებთან და მასთან აფილირებულ პირებთან ერთად უკრაინამ დაასანქცირა ოთარ ფარცხალაძეც.

2025 წლის 15 აპრილს ლიეტუვამ 102 სანქცირებული ქართველის სია გამოაქვეყნა. სიაში მოხვდა ოთარ ფარცხალაძეც.

2025 წლის 19 სექტემბერს გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

"სანქცირდება ბიზნესმენი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც რუსეთთან და ქართულ ოცნებაში უმაღლეს დონეებზე ექსტენსიური კავშირები აქვს." - ეწერა გავრცელებულ განცხადებაში.

საქმიანობა

ფარცხალაძე რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქმიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს, ასევე "კომუნისტური კავშირის" წევრია.

2025 წლის მარტში მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

„საქმიანი რუსეთის“ ოფიციალურ ვებგვერდზე მოცემულია ინფორმაცია ფარცხალაძის საქმიანობის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ ის არის სახალხო მოძრაობა "რუსი ქართველების" დამფუძნებელი და ლიდერი. წერია, რომ ფარცხალაძე რუსეთსა და საქართველოს შორის მრავალი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის და კონფერენციის ორგანიზატორია. ასევე, მან ხელი შეუწყო რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლას.

აქვე ნათქვამია, რომ ის ავითარებს რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყველა შესაძლო ბიზნეს და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროს, ორ ქვეყანას შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების შემდგომი აღდგენის მიზნით ყველა იმ ბიზნესპროექტით, როგორიცაა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი სარკინიგზო კომუნიკაციების აღდგენა. ასევე, ავითარებს ფინანსურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას BRICS+-ის წევრ ქვეყნებს შორის.

"ტვ პირველის" იმჟამინდელი ინფორმაციით, ფარცხალაძემ მოსკოვში დააფუძნა სპეციალური საშუამავლო კომპანია BIZAVI, რომელიც BRICS-ის ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში გასაყიდი ბიზნესების შეძენას სთავაზობს.

ოფიციალური ცნობები ფარცხალაძის ქართულ ბიზნესზე რეესტრში არ იძებნება.

რა ბიზნესებს ფლობენ ძმები მიქაძეები, რომლებიც შეკვეთილ მკვლელობაში არიან ბრალდებულნი - ბიზნეს რეესტრი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები