პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტს უფლებამოსილების ცნობისთვის ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება, ვინაიდან ლეგიტიმაციას მხოლოდ ამომრჩეველი უზრუნველყოფს.
"ოპოზიცია რომ ყველა რადიკალურ ნაბიჯს გადადგამს, ეს ვიცით, ვინაიდან 2012 წლიდან მათ არჩევნები არ უღიარებიათ. მათი ლეგიტიმაცია არავის არ სჭირდება. წერტილი. ისინი შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში, ამას არ სჭირდება ლეგიტიმაცია. პარლამენტს ლეგიტიმაციას აძლევს ქართველი ამომრჩეველი. ეს ლეგიტიმაცია შედგა 26 ოქტომბერს, როცა 2 მილიონზე მეტი ადამიანი მოვიდა საარჩევნო უბნებზე და 1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას"", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ტყუილი უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარლამენტი უფლებამოსილებას ვერ ცნობს, პრეზიდენტ ზურაბიშვილის სარჩელიდან გამომდინარე.
საქმე ის არის, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რაც კონსტიტუციონალისტების დიდი ნაწილის განმარტებით ნიშნავს, რომ სანამ სარჩელი განხილვაშია, პარლამენტი ვერ შეიკრიბება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ "პარლამენტი უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ლოდინის ვადა ჩაირთო სარჩელის წარდგენიდან".
პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის სარჩელის მიუხედავად, პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.