2024 წლის მარტში ოქროს ფასი თვიურად 9.1%-ით გაიზარდა. გასული კვარტალის განმავლობაში ძვირფასმა მეტალმა არაერთხელ მიაღწია რეკორდულ ნიშნულს.
გალტ&თაგარტის ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, ზრდის განმაპირობებელი ფაქტორები იგივეა ჩინური მოთხოვნა, ცენტრალური ბანკები და გეოპოლიტიკური რისკების ჰეჯირება.
"კერძოდ, ჩინეთიდან გაზრდილი მოთხოვნა ოქროს ფასის ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი იყო 2023 წლიდან დღემდე. ეს აქტივობა სავარაუდოა, რომ გაგრძელდება, რასაც ადასტურებს რამდენიმე ფაქტი. კერძოდ, ჩინეთში ოქროს იმპორტი 2024 წლის პირველ ორ თვეში 367 ტონამდე გაიზარდა (+51% წ/წ), ხოლო ჩინური ახალი წლის პერიოდში ძვირფასი მეტალის სამკაულების გაყიდვა, წინა წელთან შედარებით, 24%-ით იყო გაზრდილი" - წერია მიმოხილვაში.
დოკუმენტის მიხედვით, ამასთან, ცენტრალური ბანკების როლი ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს. პირველ რიგში, აღსანიშნავია მათ მიერ გაზრდილი შესყიდვები, რითიც ცდილობენ საკუთარი რეზერვების დივერსიფიკაციას. გლობალურ რეზერვებში ოქროს წილმა 14.4%-ს მიაღწია 2023 წელს, 2015 წლის 8.2%-თან შედარებით. მეორეს მხრივ, ცენტრალური ბანკების საპროცენტო განაკვეთების შემცირებაა მოსალოდნელი, რამაც ოქროს ფასზე დადებითად უნდა იმოქმედოს.
აღსანიშნავია, რომ ოქროს ფასის ზრდის პარალელურად ოქროს ETF-ებში ინვესტიციები მცირდება. ზოგი ანალიტიკოსი ამ ტრენდს ბიტკოინის ETF-ების გამოჩენას უკავშირებს და ამბობს, რომ ინვესტორები ფიზიკური ოქროდან „ციფრულ ოქროზე“ (ბიტკოინზე) გადადიან. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ ოქროს ETF-ებმა $7.7 მლრდ დაკარგეს ბიტკოინის ETF-ების გამოჩენის შემდეგ. მეორეს მხრივ, JP Morgan ამტკიცებს, რომ ოქროს ETFებიდან ინვესტიციების გადინების ტრენდი ბევრად ადრე 2022 წლის აპრილში დაიწყო რადგან კერძო ინვესტორები და ცენტრალური ბანკები ფიზიკური მეტალის ფლობას ამჯობინებენ და ბიტკოინის ინსტრუმენტების გამოჩენას ეს პროცესი არ დაუჩქარებია. მსოფლიო ოქროს კავშირის (WGC) მიხედვით, 2020 წლის სექტემბრიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით საცალო ინვესტორებმა $229 მლრდ, ხოლო ცენტრალურმა ბანკებმა $155 მლრდ ღირებულების ოქროს ზოდები და მონეტები შეიძინეს. მსგავსი ცვლილება მიუთითებს, რომ ინვესტორების პრეფერენციები ETFებიდან ფიზიკურ აქტივებზე ინაცვლებს, რაც უფრო მეტ პრივატულობას სთავაზობს მფლობელს. შესაბამისად, JP Morgan-ის ანალიტიკოსების მიხედვით ოქროსადმი მოთხოვნა მზარდია, რასაც ცენტრალური ბანკები და საცალო ინვესტორები განაპირობებენ. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ბიტკოინის გავლენა ძვირფას მეტალსა და მის ETF-ებზე ლიმიტირებულია.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონ დოლარად 7 ტონა ოქრო შეიძინა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების ცენტრალური ბანკები ათასობით ტონა ოქროს რეზერვებს ფლობენ. გლობალური ოქროს საბჭოს (WGC) სტატისტიკის თანახმად, ცენტრალური ბანკების საკუთრებაშია 31,900 ტონა ოქრო, რომლის ჯამური ღირებულებაც მიმდინარე ფასებში 2.4 ტრილიონი დოლარია.