„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნებისთვის" ყველაზე მტკივნეული ევროკავშირის პიროვნული სანქციები იქნება.
როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნა, ამ სანქციებს, რასაც ერთსულოვნება სჭირდება, უნგრეთი რომ არ ბლოკავდეს "ოცნების" თხოვნით, ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა დღის წესრიგში არ იდგებოდა.
"ჩემი აზრით, ყველაზე მტკივნეული იქნება იმ ადამიანების და ჯგუფების დასანქცირება, რომლებიც ამ რეჟიმს ასაზრდოებენ იქნება ფინანსური, მედია პროპაგანდის თუ სხვა კუთხით, რაზეც აქვს ევროკავშირს ინფორმაცია და ამაზეც არის საუბარი როგორც ვიცი".
ეგ რომ იყო შესაძლებელი და ორბანი "ქართული ოცნების" თხოვნით არ ბლოკავდეს ამ სანქციებს, მაშინ არ დადგებოდა დღის წესრიგში მაგალითად უვიზო რეჟიმის დაკარგვა. ამიტომ, ეს არის კიდევ ერთი მაჩვენებელი ამათი მართლა ანტიქართული ნაბიჯების, როცა თავის თავს გადაირჩენენ, ასე ჰგონიათ, ოღონდ ყველას დაგვაკარგვინებენ უვიზო რეჟიმს. თავს მაინც ვერ გადაირჩენენ, იმიტომ, რომ ეს სანქციები არის გარდაუვალი. აქ არის საუბარი იმაზე, დღეს მოხდება, ხვალ თუ ზეგ. თუ დაბლოკავს ორბანი, ინდივიდუალურად შემოვა...",- ამბობს სერგი კაპანაძე.
"ქართულმა ოცნებამ" ბრიუსელიდან წერილი მიიღო, სადაც გასული წლის ბოლოს გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე განახლებული ინფორმაციაა მოთხოვნილი. კერძოდ, წერილში მოთხოვნილია ინფორმაცია იმ რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რომლებიც 2024 წლის 6 დეკემბერს მიღებულ ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშში მიემართა საქართველოს. ასევე, არის მოწოდება, რომ თუ უკვე არ გადადგმულა ნაბიჯები, გატარდეს შესაბამისი ზომები. წერილში აღნიშნულია, რომ კომისია რეკომენდაციების შესრულებას შემდეგი ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშის კონტექსტში შეაფასებს, რის საფუძველზეც, დარღვევების გაგრძელების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები მე-8 მუხლის საფუძველზე, ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურებით.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა 15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას შედეგი მოჰყვება. „ჩვენ გავუგზავნეთ საქართველოს მთავრობას წერილი, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ეხება. არის ცალკეული პირობები, რომლებთანაც ისინი თანხვედრაში უნდა მოვიდნენ. თუ ეს პირობები არ იქნება შესრულებული დათქმულ ვადამდე, მაშინ მოგვიწევს შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი",- აღნიშნა მან და თქვა, რომ რეკომენდაციების შესრულების ვადა აგვისტოს ბოლომდეა.




























