მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ორი გზა არსებობს გამოსყიდვა და ადგილმონაცვლეობა”- რატომ ფერხდება მცხეთის გენგეგმის დამტკიცება?

6405fed7745ac
ანუკა ჯოხაძე
06.03.23 22:20
1049
მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მუნიციპალიტეტს ეს დოკუმენტი ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია.

მცხეთის გენგეგმაზე “აქოლისი” მუშაობს, რომელთანაც 1.8 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა. როგორც ცნობილია, კომპანიას მცხეთის საკრებულოში შესაბამისი დოკუმენტი გადაგზავნილი აქვს.

კომპანია აქოლისს, რომელიც ამ ეტაპზე მცხეთის გენგეგმაზეა პასუხისმგებელი როგორც ცნობილია დოკუმენტზე მუშაობა დასრულებული აქვს. თუმცა მიუხედავად ამისა, მცხეთის საკრებულო გარკვეული მიზეზების გამო მას არ ან ვერ ამტკიცებს.

როგორც არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე ამბობს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტზე ჯერ კიდევ წლების წინ მუშაობდა, იმისთვის, რომ პროცესი დასრულდეს აუცილებელია კონკრეტული ტერიტორიების ადგილმონაცვლეობა ან გამოსყიდვა. ბოლქვაძე საუბრობს ფიქრის გორის არეალზე, სადაც მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე მშენებლობა დაუშვებელია, რაც მოსახლეობას არ მოსწონს.

“მცხეთის მოსახლეობის ნაწილს არ მოსწონს ეს განცხადება, მაგრამ ფიქრის გორის არეალში მშენებლობა დაუშვებელია. ეს არის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, თუ გვინდა გვქონდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მსოფლიო ნუსხაში ეს უნდა დავიცვათ. იუნესკოს ექსპერტებმა ეს არაერთხელ გვითხრეს. 2 გზაა მონაცვლეობა და გამოსყიდვა. მონაცვლეობის რესურსი მცხეთას ძალიან ცოტა აქვს. გზა არის გამოსყიდვა. ადრე დავითვალეთ, რომ ვმუშაობდით, 3-4 მილიონ ლარზე მეტი არ იქნება საჭირო ფიქრის გორის არეალის მოსახლეობის დაკმაყოფილებისთვის,”-ამბობს არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე.

ეკონომიკის სამინისტროში პროცესების გაჭიანურებას პანდემიით ხსნიან. მათი ინფორმაციით, დაწესებული შეზღუდვების გამო მცხეთის გენგეგმის პროექტზე მუშაობის ვადები გახანგრძლივდა. სამინისტროს მხრიდან გამოგზავნილ წერილობით პასუხში წერია, რომ ამ ეტაპზე გენგეგმის კონცეფციაზე მუშაობა დასრულებულია და დარჩენილია მხოლოდ მცხეთის საკრებულოს მხრიდან დოკუმენტის დამტკიცება.

“ქვეყანაში კოვიდპანდემიის გავრცელებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო, მცხეთის გენგეგმის პროექტზე მუშაობის ვადები გახანგრძლივდა. ამ ეტაპზე გენგეგმის კონცეფციაზე მუშაობა დასრულებულია და საჭიროებს საბოლოო დამტკიცებას მუნიციპალიტეტის მხრიდან. პროექტი კომპლექსურია და მოიცავს მულტიდისციპლინარულ კვლევებს, რომელშიც ჩართულია სხვადასხვა დაინტერესებული მხარე (მათ შორის იუნესკო),”-აცხადებენ სამინისტროში.

გასულ წელს BM.GE-თან საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი აცხადებდა, რომ პროცესს კონკრეტული საკითხები აფერხებდა, რის გამოც მხარეები ვერ თანხმდებოდნენ.

კითხვაზე არის თუ არა საკითხი, რაზეც ვერ თანხმდებიან მხარეები, რაც პროცესს აფერხებს სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ არსებობს.

BM.GE ინფორმაციის განახლების მიზნით დაუკავშირდა მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილს, რომელიც საკითხზე კომენტარს თავს არიდებს. ჩვენს კითხვაზე როდიდან დაიწყებს დოკუმენტის განხილვა კი გვპასუხობს, რომ დოკუმენტი საკრებულოში არ არის შესული.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ატვირთული ინფორმაციიდან კი ირკვევა, რომ კონტრაქტორ კომპანიასთან, "აქოლისთან" მცხეთის გენგეგმის მომზადებაზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში ვადის გახანგრძლივებაზე რამდენჯერმე შევიდა ცვლილება. ბოლო ცვლილებით ვადა 2023 წლის 30 ივნისამდეა გახანგრძლივებული.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ დადგენილი ვადები კიდევ გადაიხედოს.

ცნობისთვის, მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის 160 ათასი ლარი ერთხელ უკვე დაიხარჯა, თუმცა უშედეგოდ. მას შემდეგ, რაც მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შპს "სალის" მიერ მომზადებული დოკუმენტი დაიწუნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები