საქართველოს ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტი, რომან გოცირიძე, "ქართული ოცნების" ვიცე-პრემიერის განცხადებას აფასებს, რომლის თანახმადაც, ქართული მხარე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ პროგრამაზე ხელს არ მოაწერს, თუ მისი პირობები ხელისუფლებისთვის საინტერესო არ იქნება.
როგორც რომან გოცირიძე BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნავს, "ქართულ ოცნებას" პროგრამის გაგრძელება სჭირდება, რათა ის დასავლეთის მიერ ლეგიტიმაციის მინიჭებად შეფუთოს.
"[დავითაშვილის] ეს გაცხადება დემაგოგიურია. რა თქმა უნდა, პროგრამის გაგრძელება უნდათ. რასაც ფონდი მოსთხოვთ, ყველაფერს ჩაწერენ ამ პროგრამაში და შემდეგ არაფერს არ შეასრულებენ. IMF-ის პროგრამის აღდგენა მათ სჭირდებათ ლეგიტიმაციის შესაფუთად. ახლაც რომელიღაცა კონცერტი რომ იმართება და მომღერალი რომ ჩამოვა (ჯერ ვის გაუგია საბიუჯეტო კონცერტები), ამბობენ, ხომ ხედავთ, გვაღიარებს ევროპაო. ლეგიტიმაციის კუთხით სპეკულირებენ ყველაფერზე, ვინაიდან არავინ ამათ არ აღიარებთ. ფონდის პროგრამის აღდგენა მათი მხრიდან იქნება გაყიდული, როგორც ამ ხელისუფლების აღიარება დასავლეთის ორგანიზაციების მხრიდან, რომელთა ძირითადი აქციონერები, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები და ევროკავშირი არიან.
ეს ხელისუფლება ყველაფერს დაჰპირდება ფონდს, მანამდეც მუშაობდა პროგრამა, მაგრამ ქართული მხარე არაფერს ასრულებდა. პროგრამა ისევ თუ დამტკიცდება სავალუტო ფონდში, ხელისუფლებისთვის ეს არის ორი კურდღლის დაჭერა, ერთი, რომ გვაღიარა დასავლეთმა და მეორე, რომ საერთაშორისო ინვესტორებს მოუწოდონ, რომ ისეთი კარგი ქვეყანაა საქართველო, რომ ფონდი ენდობა მის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ლევან დავითაშვილის გარდა, სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენაზე Reuters-თან ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძეც საუბრობდა. მისი თქმით, ფონდთან ურთიერთობის შემდეგი ეტაპი, შესაძლოა, IMF-ის თანამშრომლების საქართველოში ვიზიტისას დაიწყოს.
როგორც რომან გოცირიძე განმარტავს, IMF-ის ტექნიკური მისია, რომელიც წევრ სახელმწიფოებში ჩადის, მხოლოდ არსებულ ვითარებას აფასებს და პროგრამის აღდგენის საკითხი მისი კომპეტენცია არ არის: "სავალუტო ფონდის წევრ ქვეყნებში, ყველგან, ტექნიკური მისია წელიწადში ორჯერ ჩადის ინსპექტირებისთვის. შეისწავლის არსებულ ვითარებას, დადის ყველა სამინისიტროში და აგროვებს ინფორმაციას. პროგრამის აღდეგანა-არ აღდგენის საკითხი არ განიხილება ტექნიკური მისიის ფარგლებში".
სებ-ის ექსპრეზიდენტის განცხადებით, სავალუტო ფონდმა საქართველოში პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აღადგინოს, თუ ქვეყანა წინა პროგრამით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.
"ფონდი თუ პროგრამის აღდგენაზე იფიქრებდა, ეს არ მოხდება 1-2 დღეში და ნახევარ წელში, მაგრამ თუ აღდგენაზე საუბარს დაიწყებს ხელისუფლებასთან, მე ასე წარმომიდგენია, რომ მან წინასწარ უნდა მოსთხოვოს წინა პროგრამის შეუსრულებელი ნაწილების შესრულება. ის კი არა, რომ ჩავწერთ პროგრამაში და მერე შევასრულებთ, არამედ რაც გასაკეთებელი გქონდა, იმის ნაწილი მაინც გააკეთე. მაგალითად, სებ-ის საბჭო შეცვალე, პრეზიდენტი რომ არ ჰყავს წელიწადზე მეტია..." - ამბობს რომან გოცირიძე.
IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ შეჩერდა , რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.
ამ ფაქტების გამო, IMF-ის პროგრამა შეჩერდა, რადგანაც საქართველოს მთავრობას ფონდთან გაფორმებულ მემორანდუმში ვალდებულებად ჰქონდა აღებული, რომ ხელისუფლება ფონდთან შეუთანხმებლად სებ-ის კანონმდებლობას არ შეცვლიდა, პარლამენტის მიერ დაძლეული ვეტო კი სწორედ ამ ვალდებულების დარღვევას წარმოადგენდა.