მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტი იპოთეკით უზრუნველყოფილი ბონდების შესახებ კანონს მიმდინარე სესიაზე მიიღებს

6139fb45c9dbd
BM.GE
09.09.21 21:00
720
საქართველოს პარლამენტი იპოთეკით უზრუნველყოფილი ბონდების შესახებ კანონს მიმდინარე სესიაზე მიიღებს - ამის შესახებ პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა.

ახალი კანონის მიღების შემდეგ, ბანკებს მათ მიერ გაცემული იპოთეკური სესხების უზრუნველყოფით გამოუშვან ახალი ფასიანი ქაღალდები, რაც ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ლიკვიდური აქტივების მოცულობას გაზრდის.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალ კანონპროექტში დაზუსტებულია უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების არსი, რაც ამ ფასიანი ქაღალდების გამოცემისთვის არის აუცილებელი.

“საქართველოში არ არსებობს სპეციალური საკანონმდებლო რეჟიმი, რომელიც დაარეგულირებდა უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვებას. სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ტრადიციული სანივთო უზრუნველყოფის საშუალებები (გირავნობა, იპოთეკა), ამ თვალსაზრისით არ წარმოადგენს ოპტიმალურ და გამოსადეგ ინსტრუმენტს უზრუნველყოფილი ობლიგაციების ემისიისათვის, მათი (გირავნობისა და იპოთეკის) აქცესორული ბუნებისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინებით. კანონპროექტის საფუძველზე საქართველოში შესაძლებელი გახდება უზრუნველყოფილი ობლიგაციის სპეციალური სახის, ე.წ. Covered Bond-ის გამოშვება, რომელიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე კეთილსაიმედო საბანკო პროდუქტად ითვლება.

Covered Bond-ების (იპოთეკური ობლიგაციების) უზრუნველყოფა ხდება კომერციული ბანკის კრედიტორული მოთხოვნებით (ძირითადად, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხებით), რომლებიც კანონის ძალით გაიმიჯნება ბანკის სხვა აქტივებისგან და რომელთა იძულებით აღსასრულებლად მიქცევაც მხოლოდ ობლიგაციონერების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იქნება შესაძლებელი. პროექტის კანონად მიღება აგრეთვე კომერციულ ბანკს მისცემს წვდომას ალტერნატიულ ლიკვიდურ სახსრებზე, რომლებსაც იგი გამოიყენებს სესხების გასაცემად და სხვა ოპერაციების დასაფინანსებლად,”- ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

უფრო ვრცლად, თუ რა სახის ფინანსური ინსტრუმენტი იქნება იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციები, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები