მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა "კონკურენციის შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა - რა იცვლება?

პარლამენტი

ერთპარტიულმა პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 82 ხმით მიიღო „კონკურენციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული ცვლილების კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც კონკურენციის სააგენტოში მმართველობის არსებული მოდელის შენარჩუნებას ეხება.

კანონპროექტი ითვალისწინებს კონკურენციის სააგენტოში მმართველობითი ორგანოს, 5 წლის ვადით არჩეული 5-წევრიანი საბჭოს შექმნის თაობაზე კანონში არსებული ჩანაწერის გაუქმებას, რომელიც 2027 წლის 1 იანვარს უნდა შესულიყო ძალაში. შესაბამისად, სააგენტოს მართვის მოდელი უცვლელი დარჩება და მას კვლავ თავმჯდომარე უხელმძღვანელებს.

საქმე ისაა, რომ 2020 წელს "კონკურენციის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით შეიცვალა ინსტიტუციური მოწყობის ფორმაც. კერძოდ სააგენტოს მმართველობითი ორგანო უნდა გამხდარიყო პრემიერის წარდგინებით და პარლამენტის მიერ 5 წლით არჩეული 5-წევრიანი საბჭო. ამ ცვლილების ამოქმედება თავდაპირველად გათვალისწინებული იყო 2021 წლიდან, თუმცა თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია და ბოლო რედაქციით მისი ძალაში შესვლა 2027 წლის პირველი იანვრიდან იგეგმებოდა. შესაბამისად, ამ დროიდან უნდა გაუქმებულიყო სააგენტოს თავმჯდომარის პოზიცია. თუმცა, "ქართულმა ოცნებამ", ფინანსების დაზოგვის მიზნით, შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება და სააგენტოს არსებული ინსტიტუციური მოწყობის მოდელი შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ საბჭოს ჩამოყალიბების გამო, 2026 წელს ბიუჯეტიდან უნდა გამოყოფილიყო დაახლოებით 390 000 ლარი, 2027 წელს - დაახლოებით 575 000 ლარი (მხოლოდ საბჭოს 5 წევრის ხელფასებისთვის 384 000 ლარი), მომდევნო წლებში კი წლიურად დაახლოებით 600 000 ლარი.

თავად კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) საკითხის შეფასებისას ასევე ფინანსების დაზოგვაზე ამახვილებენ ყურადღებას. ამასთან, ხაზს უსვამენ, რომ ბოლო წლებში გაუმჯობესებულია პოლიტიკის აღსრულების ეფექტიანობა და მოხდა არსებული სტრუქტურის ოპტიმიზაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები