საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ალექსანდრე მიშველიძე ვარაუდობს, რომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს შენგენის ქვეყნებში შესასვლელად ვიზების მიღება მკვეთრად გაურთულდებათ. „უკვე ვეღარც უნგრეთი და ვეღარც სლოვაკეთი ვეღარ გამოადგება „ქართული ოცნების“ პრემიერს იმისთვის, რომ ამ ქვეყნებმა ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელები უვიზოდ მიიღონ“, - ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. ინტერვიუს მთავარი თემა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება იყო.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 6 მარტიდან, ვიზების შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში, ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა ანუ შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას, ვიზის ქონა მოეთხოვებათ. უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება გაგრძელდება 12 თვის განმავლობაში ანუ 2027 წლის 6 მარტამდე, მაგრამ თუ საქართველოს ხელისუფლების მიერ მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკითხები არ იქნება მოგვარებული, ევროკომისიას შეუძლია, ვადა კიდევ 24 თვემდე გააგრძელოს.
[დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს] პასპორტის ფერის შეცვლა ვერ უშველის. ჩვეულებრივი პასპორტებითაც რომ სცადონ წასვლა, საზღვარზე კონტროლი იმდენად გამკაცრდა, რომ მაშინვე გაჩნდება კითხვები“, - ხსნის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
ინტერვიუ ალექსანდრე მიშველიძესთან
- მიმდინარე წლის 6 მარტიდან, ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მიერ ერთი და იმავე ობიექტის რამდენჯერმე გახსნას შეადარა - „ევროკავშირმაც ხუთჯერ გააუქმა ერთი და იგივე სავიზო რეჟიმიო“. ავუხსნათ მოქალაქეებს, სინამდვილეში რა მექანიზმი ამოქმედდა 6 მარტს და რამდენად მძიმე დიპლომატიური სიგნალია ის?
- უნდა განვმარტოთ, რომ ეს არ ნიშნავს ერთი და იმავეს ხუთჯერ შეჩერებას. ის, რასაც „ოცნების“ პრემიერი ამბობდა, ხდებოდა ეროვნულ დონეზე - მაგალითად, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი ჯერ შეაჩერა ესტონეთმა, ლიეტუვამ, შემდეგ ჩეხეთმა და ა.შ. ქვეყნები ამას ინდივიდუალურად აკეთებდნენ ევროკომისიის რეკომენდაციით; თუმცა ახლა ევროკავშირმა შეიმუშავა ერთიანი სავიზო სტრატეგია, მოხდა წესების სისტემატიზაცია და ამოქმედდა შეჩერების გამარტივებული მექანიზმი კონკრეტული კატეგორიებისთვის - დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის. ამიტომ მტკიცება, თითქოს ევროკავშირმა რაღაც ხუთჯერ შეაჩერა, ტყუილია. ევროკავშირის დონეზე ეს 2026 წლის 6 მარტიდან ამოქმედდა. ახლა ვეღარც უნგრეთი და ვეღარც სლოვაკეთი ვეღარ მიიღებენ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზოდ. ეს არის ერთიანი საინფორმაციო სისტემა და თუ უნგრეთი მაინც გასცემს მრავალჯერად ვიზებს, მას მოუწევს შენგენის ზონის სხვა ქვეყნებს აუხსნას, რატომ აკეთებს ამას. ამდენად, პასპორტის ფერის გამოცვლა ვერაფერს უშველის - რატომ? მართალია, ჩვეულებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლაა, მაგრამ საზღვარზე კონტროლი უკვე იმდენად გამკაცრდა, რომ თუ ისინი პასპორტს გამოცვლიან, გაჩნდება კითხვა - რატომ მიდიან, დავუშვათ, საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი პასპორტით... [ვიზის აღების] პროცედურა არის ძალიან ხანგრძლივი. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დასანქცირებული პირები, მათ შორის პარლამენტართა უმრავლესობა, ევროკავშირში ვერ შევლენ. როდესაც შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანას (მაგალითად, ესტონეთს) პირი სანქციების სიაში შეჰყავს, ეს მონაცემები ავტომატურად აისახება „შენგენის საინფორმაციო სისტემაში“ (SIS). სისტემაში არსებული ჩანაწერი კი, კერძო ვიზიტებს ფაქტობრივად გამორიცხავს... თუ ექნებათ მოწვევა უნგრეთიდან, ის დაუმზადებს ვიზას და წავლენ მხოლოდ უნგრეთში, ალბათ სხვაგან მაინც ვერ შევლენ...
- ამ შემთხვევაშიც უნგრეთი შეიძლება იყოს მაშველი რგოლი ხელისუფლებისთვის?
- თუ უნგრეთიდან ექნებათ მოწვევა, მხოლოდ უნგრეთში ჩავლენ, სხვაგან ვეღარ გადაადგილდებიან. ისიც მხოლოდ აპრილამდე, რადგან უნგრეთში არჩევნებია და ვიქტორ ორბანის ხელისუფლების დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშაა.
- რამდენად შესაძლებელია უნგრეთმა მისცეს ვიზა კონკრეტულ პირებს და შემდეგ, უნგრეთიდან გადაადგილდნენ ევროკავშირის სახვა ქვეყნებში?
- თუნდაც უნგრეთმა რომ გასცეს ვიზა ოფიციალური მივლინების მიზნით, ეს ვიზა პირს აძლევს უფლებას, იყოს უნგრეთში. პირი ამ პასპორტით თუ გადაკვეთს საფრანგეთის ან გერმანიის საზღვარს და ვერ წარადგენს იმ ქვეყნის მიერ გაცემულ ვიზას ან ოფიციალურ მიწვევას, ის ჩაითვლება არალეგალად. შიდა საზღვრებზეც ხშირი კონტროლია. არის პერიოდები, როდესაც კონკრეტულ ქვეყანას კვირებით აქვს აღდგენილი სასაზღვრო კონტროლი შენგენის ზონის შიდა საზღვრებზე. ამდენად, უნგრეთიდან სხვა ქვეყანაში ფიზიკურად გადასვლა შესაძლებელია, რადგან შენგენის შიდა საზღვრებზე მესაზღვრე ყოველთვის არ დგას, მაგრამ სამართლებრივად ეს არის უკანონო ქმედება, რაც მომავალში ამ პირისთვის ევროკავშირის კარს საბოლოოდ დაკეტავს. პირი თუ უნგრეთის ვიზით შედის ევროკავშირში, მაგრამ მაშინვე სხვა ქვეყანაში (მაგალითად, საფრანგეთში ან გერმანიაში) მიემგზავრება, ეს ითვლება „ვიზა შოპინგად“ და მგზავრობის მიზნის ფალსიფიკაციად.
- საინტერესოა, პრაქტიკაში როგორ აღსრულდება ვიზის შეჩერების განახლებული მექანიზმი...
- ევროკომისიის ახალი 5-წლიანი სავიზო სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ევროკავშირის საზღვრებისა და შიდა ტერიტორიის დაცვა. ევროკავშირი „დაიღალა“ ძველი სისტემების ხარვეზებით და გეოპოლიტიკური კრიზისების (მაგალითად, ბელარუსის მიგრაციული კრიზისის) ფონზე, უსაფრთხოების წესების დრამატული გამკაცრება გადაწყვიტა. ამ მიზნის მისაღწევად ევროკავშირი ნერგავს Entry-Exit (შესვლა-გასვლის) ელექტრონულ სისტემას EES და ETIAS-ს, რომელთა მთავარი ამოცანაა ე.წ. „არაკეთილსინდისიერი მგზავრების“ გაფილტვრა და 90-დღიანი რეჟიმის დარღვევის სრული აღმოფხვრა ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით.
- მოდი, პრაქტიკული მაგალითებით ავხსნათ: როგორ უნდა მოიქცეს, მაგალითად, ირაკლი კობახიძე ან რომელიმე მინისტრი თუ მათ გერმანიაში ან ნიდერლანდებში ოფიციალური მიზნით გამგზავრება დასჭირდებათ?
- მე მათ შევპირდი კიდეც, რომ სავიზო განაცხადებს უფასოდ შევუვსებდი, თუ მომმართავენ, თუმცა პროცესი მარტივი არ იქნება... ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმამდე ჩვენ განვითარების რამდენიმე ეტაპი გავიარეთ. თავდაპირველად გაფორმდა შეთანხმება ვიზების გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ, რის საფუძველზეც სავიზო მოსაკრებელი შემცირდა. დღეს კი ვითარება შეიცვალა - მათთვის შეღავათები აღარ მოქმედებს და სავიზო საფასურის ძველ ტარიფს გადაიხდიან.
- რამდენია ახლა შენგენის ვიზის სტანდარტული მოსაკრებელი (Visa Fee)?
- ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს, რომელთაც უვიზო მიმოსვლა გაუუქმდათ, მოუწევთ სტანდარტული ტარიფის - 90 ევროს - გადახდა. ადრე, გამარტივებული რეჟიმით, ეს 35 ევრო ღირდა, მაგრამ მათთვის პრივილეგიები გაუქმდა. (35 ევრო - ეს არის „შეღავათიანი ტარიფი“, რომელიც მოქმედებს „ვიზების ფასილიტაციის (გამარტივების) შეთანხმების“ ფარგლებში. ის ეხება იმ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებსაც რაიმე მიზეზით (მაგ. არაბიომეტრიული პასპორტი) სჭირდებათ ვიზა) აღარ იქნება არანაირი დაჩქარებული წესი - იქნება ხანგრძლივი განხილვა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ ვიზას, თუ საერთოდ მიიღეს. მათ პასპორტის ფერის შეცვლაც ვერ უშველის. ორდინარული პასპორტებითაც რომ სცადონ წასვლა, საზღვარზე კონტროლი იმდენად გამკაცრდა, რომ მაშინვე გაჩნდება კითხვები. გარდა ამისა, პარლამენტარების უმეტესობა ესტონეთს უკვე ჰყავს სანქციების სიაში, რაც ავტომატურად აისახება შენგენის საინფორმაციო სისტემაში. მათი კერძო ვიზიტები, ფაქტობრივად, გამოირიცხა.
- ანუ ხშირი იქნება უარის თქმის შემთხვევები?
- დიახ, რა თქმა უნდა. ყოველწლიურად ქვეყნდება ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიში. 2024 წლის ანგარიშში მკაფიოდ ეწერა, რომ ირღვეოდა ადამიანის უფლებები და ქვეყანაში „დრაკონული“ კანონმდებლობა იყო. იმის ნაცვლად, რომ ეს გამოესწორებინათ, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. სწორედ ამიტომ, 2025 წლის დეკემბრის ანგარიშში უკვე პირდაპირ დაისვა მიზნობრივი შეჩერების საკითხი. [უვიზო რეჟიმის] მიღების პროცესი წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და ძალიან დიდი შრომა ჩაიდო, „ოცნებამ“ კი ეს ყველაფერი საკუთარი თავისთვის უკვე დაასრულა. იმედია, ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის, არ დასრულდება. აღსანიშნავია, რომ „შეჩერების გამარტივებული მექანიზმის“ ამოქმედებამ შესაძლებელი გახადა სანქციების მიზნობრივი გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეზღუდვა მთელ ქვეყანას შეეხებოდა, რადგან მანამდე არ არსებობდა პრეცედენტი, რომ შეჩერება მხოლოდ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებზე გავრცელებულიყო, როგორც ეს ვანუატუს შემთხვევაში მოხდა...
- და ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც შეგვიჩერდებოდა უვიზო მიმოსვლა...
- 2025 წლის ივლისში ევროკომისიამ [საგარეო საქმეთა მინისტრ] მაკა ბოჭორიშვილს წერილი გაუგზავნა და ახსნა-განმარტება სთხოვა, თუმცა ხელისუფლებამ პრობლემების აღმოფხვრის ნაცვლად რეპრესიები გაამკაცრა...
- გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ერთად, რიგში დგომა არ უწევდათ, კიდევ რა კონკრეტული უპირატესობებით სარგებლობდნენ დიპლომატიური პასპორტის მფლობელები?
- დიპლომატიური პასპორტის მფლობელების ძალიან დიდი პრივილეგია აქვს... შენგენის საზღვარზე მათ არასდროს სთხოვდნენ არც უკან დასაბრუნებელ ბილეთს და არც სხვა დამატებით საბუთებს, თუმცა დღეს ეს "ხუხულა" მათთვის უკვე ჩამოინგრა. ახლა ისინი არა თუ რიგითი მოქალაქეების დონეზე არიან, არამედ ბევრად უარეს მდგომარეობაში, რადგან პერსონა ნონ-გრატებად მიიჩნევიან. ეს ადამიანები ვერც კი გაბედავენ შენგენის ზონაში ჩვეულებრივი პასპორტით შესვლას, რადგან მათი უმრავლესობა „შენგენის საინფორმაციო სისტემაში“ (SIS) უკვე შეყვანილია, როგორც დასანქცირებული პირი – ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიული უკუსვლის გამო. მათი ყველა პრივილეგია განულებულია. საუბარია ადამიანების დიდ ჯგუფზე: დიპლომატიური პასპორტით სარგებლობს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი, თბილისის მერი და სხვა მაღალჩინოსნები. მათთვის ეს კომფორტი დასრულდა. მათ მოუწევთ ჩვენთან ერთად იმავე რიგებში დგომა, სადაც ადრე პრივილეგიებით სარგებლობდნენ. მათი [დიპლომატიური] პასპორტები „ფარატინა ქაღალდად“ იქცა. ახლა ისინი ბევრად უარეს მდგომარეობაში არიან, რადგან ბევრი მათგანი სისტემაში „გაშავებულია“, როგორც ადამიანის უფლებების დამრღვევი.
- გასაგებია, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა გაუუქმდათ, მაგრამ ვიზის აღების პროცედურების გვერდის ავლის მიზნით, ვერ შეძლებენ ოფიციალური ვიზიტისას ჩვეულებრივი პასპორტით ისარგებლონ?
- ვიზის შეჩერების განახლებული მექანიზმის თანახმად, ევროკომისიის რეკომენდაციაა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირში ოფიციალური და დიპლომატიური მიზნით მგზავრობისას უნდა გამოიყენონ თავიანთი დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტები. ამიტომ ამ წესის დარღვევამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყანაში შესვლის აკრძალვის (entry ban) დაწესება.
- შეჯამებისთვის: დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს შენგენის ქვეყნებში საქმიანი ვიზიტით წასასვლელად მოუწევთ ვიზის აღება, მაგრამ კერძო ვიზიტით, მაგალითად, სამოგზაუროდ ჩვეულებრივი პასპორტით წავლენ?
- დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტით შვებულებაში წასვლა ან საყიდლებზე მოგზაურობა წესით და რიგით დაუშვებელია. პირს თუ სურს ევროპაში დასასვენებლად წასვლა, მან უნდა გამოიყენოს ჩვეულებრივი (ბიომეტრიული) პასპორტი. საგარეო საქმეთა სამინისტროს არასდროს რთავდა ნებას თანამშრომელს, დიპლომატიური პასპორტი კერძო ვიზიტებზე გამოეყენებინა.
- რას უნდა დავუსვათ წერტილი საქართველოში?
- წერტილი უნდა დავუსვათ ევროკავშირის და სხვა ევროპული ქვეყნების ელჩების ლანძღვას. წერტილი უნდა დავუსვათ იმას, რომ მოქალაქეებისთვის სამკურნალო ფულს თითო-თითო ლარობით ვაგროვებდეთ - ევროკავშირში ხალხს ასე ბედის ანაბარა არავინ ტოვებს. წერტილი უნდა დავუსვათ იმას, რომ ჩვენი ჯარი და პოლიცია ვადაგასული პროდუქტით არ იკვებებოდეს. უნდა დასრულდეს კულტურული მემკვიდრეობის ნგრევა და დასავლური ინსტიტუტების გაქილიკება. პირველ რიგში კი, წერტილი უნდა დავუსვათ იმ პრორუსულ პოლიტიკას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს.




























