მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პიკასოს დაკარგულად მიჩნეული ნახატი აუქციონზე რეკორდულ $37 მილიონად გაიყიდა

Picasso Paris
28.10.25 21:00
1342

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

80 წლის განმავლობაში დაკარგულად მიჩნეული პიკასოს ნახატი - დორა მაარის პორტრეტი პარიზში, აუქციონზე 32 მილიონ ევროდ გაიყიდა (37.2 მილიონი აშშ დოლარი).

ნახატი, რომელიც საჯაროდ 1944 წლის შემდეგ არ გამოჩენილა, შეძენის მომენტიდან კერძო კოლექციაში ინახებოდა და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პიკასოს სტუდიაში გადაღებული შავ- თეთრი სურათის წყალობით იყო ცნობილი. აუქციონზე მიღებული შედეგით ნახატი აუქციონზე გაყიდული მეორე ყველაზე ძვირად ღირებული დორა მაარის პორტრეტი გახდა, ხოლო მიმდინარე წელს პარიზში აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ფერწერული ნამუშევარი.

აგნეს სევესტრ-ბარბის, პიკასოს ექსპერტის თქმით, აღნიშნული ნამუშევარი იდეალურადაა შენახული, ნახატი ლაქით არ არის დაფარული, “რაც საშუალებას იძლევა მთელი ფერთა გამა, სრული ქრომატული ვარიაცია დავინახოთ”.

დორა მაარი კატასთან ერთად (Dora Maar au chat)

დორა მაარის კიდევ ერთმა პორტრეტმა გასულ თვეში სააუქციონო რეკორდი დაამყარა აზიაში. დღემდე ყველაზე ძვირად ღირებული პორტრეტი კი 2006 წელს, Sotheby’s-ის აუქციონზე 95 მილიონ აშშ დოლარად გაყიდული ტილოა სახელწოდებით Dora Maar au chat. ნახატი 2006 წლის 3 მაისს ნიუ იორკში ჩატარებულ აუქციონზე ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა, მისი კუთვნილი Impexbank-ის $550 მილიონად გაყიდვიდან სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ. ივანიშვილმა აუქციონზე ჯამში სამ ნახატში $102.7 მილიონი გადაიხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები