მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პრემიერი პასუხებისთვის მზად არ არის" - რატომ არ ხვდება ირაკლი კობახიძე დიუშენის ბავშვების მშობლებს

კახა წიქარიშვილი

კახა წიქარიშვილი, რომელიც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მამაა, მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მშობლებს იმიტომ არ ხვდება, რომ მათ კითხვებზე პასუხები არ აქვს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილთან" ინტერვიუში განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ დიუშენის ბავშვების ოჯახები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციებს აგრძელებენ.

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ 21 აპრილს სამინისტროში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წამლების შემოტანაზე უარის თქმის მთავარი მიზეზი მედიკამენტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებია და თან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მშობლების მიერ მოთხოვნილი მედიკამენტები ძვირია. მიხეილ სარჯველაძეს კონკრეტული პრეპარატები არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ მედიკამენტების ერთ ჯგუფს ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) ავტორიზაცია არ აქვს, მეორეს კი, მხოლოდ ამერიკული FDA-ის ავტორიზაცია გააჩნია, მაგრამ EMA-ის - არა. მინისტრის კალკულაციით, დიუშენის სინდრომის მქონე, 100-მდე ბავშვის/პაციენტის მედიკამენტის შესაძენად საჭირო თანხა წლიურად, დაახლოებით, 100 მილიონი ლარია. „თუ მართლა ცარცია, ხომ არ შეიძლება ამაზე ასეთი თანხა დაიხარჯოს?!“ - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

"ჩემი ვარაუდით, პირველი მიზეზი, რატომაც [პრემიერი მშობლებს არ გვხვდება], ის არის, რომ პასუხებისთვის მზად არ არის - ან ჯერ ვერ მოიცალა, ან ვერ მოემზადა სათანადო არგუმენტაციისთვის. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს შიში. მას უბრალოდ ეშინია გამწარებულ მშობლებთან კომუნიკაციის, რადგან ფიქრობს, რომ პროცესი ჩარჩოებიდან გამოვა და მას ვეღარ მართავს. წარმოიდგინეთ მშობელი, რომელსაც ეუბნებიან, რომ მისი შვილისთვის სახელმწიფო ფულს ვერ დახარჯავს - ბუნებრივია, ეშინიათ ამ ადამიანების რეაქციის.

tv ეთერებიდანაც ვთავაზობ, მოდით, წინასწარ შევთანხმდეთ წესებზე. დავსხდეთ ეთერში კონსტრუქციული და არგუმენტირებული დიალოგისთვის. საზოგადოებამ სიმართლე არა ქუჩის აქციებიდან და რუპორებიდან, არამედ პირდაპირი ეთერიდან უნდა მოისმინოს, სადაც წარმოდგენილი იქნება ორივე მხარე და მესამე, გადამწყვეტი მხარე - ექსპერტები და ექიმები. ჩვენ, მშობლები, მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ პროცესი ექსცესების გარეშე ჩაივლის. მართალია, ემოციების მოთოკვა რთულია, მაგრამ ჩვენ შევძლებთ მათ გაკონტროლებას და დიალოგის ჩარჩოებში დარჩენას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ შეთავაზებაზე პასუხი არ გვაქვს“, - აცხადებს მშობელი.

"წყალდიდობა ან მიწისძვრა რომ მოხდეს, ₾100 მლნ ბიუჯეტში უცებ გაჩნდება"|რას ითხოვენ "დიუშენის ბავშვების" მშობლები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები