მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის მიერ წარმოდგენილ ანაკლიის პორტის გეგმას წარმატება არ უწერია - ADC

63985bb53bd85
ვიქტორია მღებრიშვილი
13.12.22 11:44
632
პრემიერის მიერ წარმოდგენილ ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ გეგმას წარმატება არ უწერია - ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ADC-ში აცხადებენ, რომ 12 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ანაკლიის პროექტსა და მის წარსულ ისტორიაზე არაერთი მცდარი ინფორმაცია გააჟღერა. ADC-ის თქმით, პრემიერმა ასევე წარმოადგინა პროექტთან დაკავშირებული სამომავლო გეგმა, რომელსაც წარმატება არ უწერია.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პრემიერ-მინისტრს ახსენებს, რომ ADC-სა და საქართველოს მთავრობას შორის საარბიტრაჟო დავა ჟენევის საერთაშორისო სავაჭრო პალატაში მიმდინარეობს და მთავრობის მეთაურს გაკეთებულ ყველა ცრუ განცხადებაზე პასუხისგება მოუწევს.

„მოსაზრება, რომ პრემიერ-მინისტრს სურს, მთავრობამ „სასწრაფოდ“ გააგრძელოს ანაკლიის პროექტი, აშკარად მცდარია. ანაკლიის პროექტის შეწყვეტის შემდეგ თითქმის სამი წელია მთავრობას არაფერი გაუკეთებია. მან 2020 წლის თებერვალშიც კი თქვა, რომ "ორ კვირაში" გამოაცხადებდა ხელახალი ტენდერის გეგმებს. პრემიერ-მინისტრი ახლა მხოლოდ იმის გამო ლაპარაკობს, რომ პროექტზე დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, რომელიც ამ პროექტის შეწყვეტაში ხელისუფლების არაკეთილსინდისიერებას ხდის ფარდას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პორტის პროექტის დაუსრულებლობას ტრაგედიას უწოდებს და ამბობს, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა.

„ანაკლიის ტრაგედიაზე, და აქ განსაკუთრებით იგულისხმება უმუშევრად, დამსხვრეული იმედებით და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დარჩენილი ანაკლიელების ტრაგედია, პასუხისმგებელია სახელმწიფო, რომელმაც შეაჩერა და არ მისცა საშუალება ADC-ს, რომ დაესრულებინა დაწყებული პროექტი. საქართველოს მთავრობა ფლობს, აკონტროლებს და უგულებელყოფს ამ ადგილს უკვე თითქმის სამი წელია - მას შემდეგ, რაც მან შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება ADC-სთან. მთავრობას თითი არ გაუნძრევია და ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს იმ გარემოსდაცვითი პრობლემის შესამსუბუქებლად, რაც მათ პროექტის შეჩერებით გამოიწვიეს ანაკლიაში. არც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასრულებასა და განვითარებაზე უზრუნიათ ანაკლიასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მით უმეტეს თუ პორტის მშენებლობის განახლებას აპირებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კონსორციუმში თვლიან, რომ პრემიერს ბეწვის ხიდზე სიარული უწევს, რომ თავი ისე ეჭიროს, თითქოს მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას.

„პრემიერ-მინისტრის იმავდროული განცხადება, რომ მხარს უჭერს ფოთში უფრო დიდი პორტის განვითარებას, მეტყველებს ანაკლიის განვითარების გეგმების შესახებ მისი განცხადებების არაგულწრფელობასა და აბსურდულობაზე. პრემიერმა კარგად იცის, რომ მთავრობის მხრიდან ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციური განვითარების მუდმივი წახალისება იყო ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ბანკებისა და კერძო ინვესტორებისთვის, რომ დაეფინანსებინათ უფრო დიდი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი ამ საკითხთან დაკავშირებით რთულ ვითარებაშია, რადგან პანდორას დოკუმენტები ადასტურებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბატონ ივანიშვილს დიდი ხანია აქვს ბიზნეს ინტერესი ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებაში, რაც დამოკიდებულია ფოთის პორტის განვითარებასა და გაფართოებაზე. ამიტომ პრემიერს ბეწვის ხიდზე სიარული უწევს, რომ თავი ისე ეჭიროს, თითქოს მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, და მეორე მხრივ, არ გაუნაპირდეს თავისი პარტიის ლიდერსა და სხვა ოლიგარქიულ ინტერესებს ფოთის პორტის განვითარებაში“, - განმარტავენ ADC-ში.

კონსორციუმი პორტის პროექტის განხორციელების ფინანსურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებს იშველიებს, იმის საჩვენებლად, რომ პრემიერმა პორტის მშენებლობისას უკვე განხორციელებულ ინვესტიციაზე მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აუდიტმა დაადასტურა, ADC-ის ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა $75 მილიონი (და მეტი), საიდანაც $40 მილიონი იყო ხაზარაძის და ჯაფარიძის მიერ ინვესტირებული (და არა $3 მილიონი, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა)“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში აცხადებენ, რომ პრემიერმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ADC ანაკლიის პორტთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას მუდმივად ცდილობდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და მისი აქციონერებისთვის არბიტრაჟის დაწყება იყო უკანასკნელი საშუალება, რაზე წასვლაც აიძულა მთავრობის მტკიცე წინააღმდეგობამ, რომ ADC-ს მიცემოდა ინვესტორებისა და ბანკებისგან პროექტის დაფინანსების მოპოვებისა და მისი მშენებლობის დასრულების საშუალება. საარბიტრაჟო საქმეში ზიანის ანაზღაურების შესახებ ADC-ის მოთხოვნა აუცილებელია იმისათვის, რომ დაიცვას თავისი და მისი აქციონერების კანონიერი უფლებები. მაგრამ საქართველოს მთავრობამ კარგად იცის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი გროშის დახარჯვის გარეშე შეუძლია მოაგვაროს დავა, თუ გონივრულად და კეთილსინდისიერად მოილაპარაკებდა ADC-თან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დასასრულებლად საჭირო ინვესტიციისა და დაფინანსების უზრუნველსაყოფად“, - აცხადებენ კონსორციუმში და დასძენენ: „ჩვენი სურვილია, ვიხილოთ ანაკლიის პორტის განვითარება - უბრალოდ და მარტივად. მთავრობის ამ უახლეს სქემას წარმატების შანსი არ აქვს და ვფიქრობთ, მთავრობამ ეს იცის. ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ჩერდება და სურს სხვას დააბრალოს თავისი წარუმატებლობა“.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში ერთვება და პროექტს 51%-იანი თანამონაწილეობით დააფინანსებს. შესაბამისი გადაწყვეტილება 12 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცხადა. საკითხზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა ანაკლიის პორტის დაუსრულებელ მშენებლობაზე და პროექტის ყოფილ ინვესტორებზე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ სახელმწიფოს მხრიდან არსებული ხელშეწყობის მიუხედავად, პორტი ვერ ააშენეს. პრემიერის განცხადების შესახებ კომენტარი თავად პროექტის ერთ-ერთმა ინვესტორმა მამუკა ხაზარაძემ BM.GE-სთან გააკეთა. მან პრემიერის სიტყვიდან ოთხი ტყუილი გამოყო და თქვა, რომ მის მიერ გაჟღერებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები