საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართავს და მოუწოდებს, არ გაბედონ ძალადობა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ.
მან ასევე მოუწოდა აქციის მონაწილეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ აჰყვნენ პროვოკაციებს.
"მინდა მივმართო სამართალდამცავ სტრუქტურებს, არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება იმისთვის, რომ დააშინოთ საზოგადოება, რომელმაც აჩვენა მსოფლიოს თუ რამდენად მშვიდობიანი, შეგნებული და არა პროვოკაციაზე წამსვლელია. ამიტომ, ვერავის ვერაფერს დააჯერებთ. მხოლოდ იმას აჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცევით დემოკრატიულად და კანონს არ ემორჩილებით.
მინდა ასევე მომიტინგეებს მივმართო, რომ იცოდეთ, ეს პრემიერის სიტყვებში და სხვა გამოსვლებში იკითხება, არის რაღაც გეგმები, რომ პროვოკაციები მოაწყონ. მინდა ძალიან დიდი სიფრთხილისკენ მოგიწოდოთ, რომ არავინ გამოგიწვიოთ ამ პროვოკაციებში",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ორი მოსმენით მიღებულ "რუსულ კანონს" პარლამენტი ხვალ, 13 მაისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, 09:00 საათიდან განიხილავს. მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე 14 მაისს გაიმართება. ამასთან, დღეს, 12 მაისს, პარლამენტის წინ, 22:00 საათიდან საპროტესტო აქცია - "გავათენოთ საქართველოსთვის" გაიმართება.