მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული სტარტაპი TAGY - რა ღირს ჭკვიანი საძიებო მოწყობილობა?

tagy
სტატიაში საუბარია:

შინაური ცხოველის დაკარგვა და ავიამოგზაურობისას ბარგის გაუჩინარება დღევანდელ რეალობაში იშვიათ შემთხვევებად აღარ მიიჩნევა. პრობლემა ერთდროულად ეხება როგორც ემოციურ ფაქტორს, ისე ფინანსურ და პრაქტიკულ სირთულეებს. სწორედ ამ საჭიროებაზე პასუხად ქართულ ბაზარზე ახალი სტარტაპი - TAGY გამოჩნდა. პლატფორმა, რომელიც ჭკვიანი საძიებო მოწყობილობის წარმოებასა და დისტრიბუციას ახორციელებს.

TAGY ქართულ ბაზარზე სულ სამი კვირაა ოპერირებს, თუმცა როგორც თანადამფუძნებელი ტატუკა ჭუმბურიძე BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ აცხადებს, ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა.

მისი ინფორმაციით, TAGY-ის საცალო ფასი საშუალოდ 60 ლარს შეადგენს. კომპანიის განცხადებით, მთავარი მიზანია მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე აკონტროლოს შინაური ცხოველი, ბარგი, გასაღებები თუ სხვა მნიშვნელოვანი ნივთები - მარტივად და უსაფრთხოდ.

"დაახლოებით სამი კვირაა, რაც ბაზარზე გამოვჩნდით და უნდა აღვნიშნო, რომ მომართვიანობა ძალიან დიდია. მომხმარებლები გვიკავშირდებიან როგორც ტექნიკურ დეტალებზე, ისე იმაზე, თუ სად და როგორ შეიძლება პროდუქტის შეძენა", - ამბობს ჭუმბურიძე.

მისივე თქმით, TAGY-ის მოწყობილობა Apple-ისა და Google-ის ლიცენზირებულ საწარმოში, ჩინეთში იწარმოება და სრულად თავსებადია როგორც Apple-ის Find My-სთან, ისე Android-ის Find Hub-თან.

„ეს არის Bluetooth სისტემა, რომელიც მუშაობს მილიონობით მოწყობილობის დახმარებით. 100 მეტრის რადიუსში ნებისმიერი მობილური ტელეფონი ეხმარება მოწყობილობას ლოკალიზებაში და მონაცემებს დაშიფრული ფორმატით აწვდის შესაბამის პლატფორმას - Apple-ის შემთხვევაში Find My-ს, Android-ზე კი Find Hub-ს. სპეციალურად აპლიკაციის ჩამოწერა საჭირო არ არის, რადგან ეს სისტემა ყველა ტელეფონს მოჰყვება“, - განმარტავს თანადამფუძნებელი.

მისი შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ენერგოეფექტურობა და მონაცემთა დაცვაა : „ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ პროდუქტი სერტიფიცირებული საწარმოდან ყოფილიყო. მონაცემთა დაცვა სრულად ეკუთვნის Apple-ისა და Google-ის სისტემებს. რეალურად იგივე რისკია, რაც მაგალითად AirPods-ის Find My-სთან დაკავშირებისას. მოწყობილობას საკუთარი აპლიკაცია არ სჭირდება, რაც დამატებით არ ტვირთავს ტელეფონის ბატარეას“, - აღნიშნავს ჭუმბურიძე.

კომპანია დისტრიბუციის სწრაფ გაფართოებას გეგმავს. Tagy-ს თანადამფუძნებლის განმარტებით, ამ ეტაპზე პროდუქტის შეძენა შესაძლებელია TAGY-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე Wolt-ის პლატფორმაზე, ხოლო ფიზიკურად მოწყობილობა ხელმისაწვდომია ტექნიკის მაღაზია Xtrem-ში.

„პირველ რიგში გვინდა, რომ აეროპორტებში ვიყოთ წარმოდგენილი, რადგან ბარგის კონტროლი ერთ-ერთი მთავარი საჭიროებაა. ასევე ვგეგმავთ ზოო მაღაზიებსა და წიგნის მაღაზიებში შესვლას“, - ამბობს თანადამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები