მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკონომიკის სამინისტრომ CFD-მექანიზმი სხვადასხვა უწყებიდან გამოიბრძოლა" - ლაშა იორდანიშვილი

63ebf1f673dce
ალა ისპირიანი
15.02.23 00:30
890
ენერგეტიკის სექტორის მოთხოვნების მიუხედავად, მთავრობამ ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის PPA ხელშეკრულებები აღარ აღადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ წელს განაცხადა, რომ 2017 წელს ახალ PPA ხელშეკრულებებზე მორატორიუმის გამოცხადებამ ენერგეტიკის სექტორში ახალი ინვესტიციების ნაკადი შეაფერხა, ამიტომაც აუცილებელი იყო სახელმწიფოს სექტორის მხარდაჭერის სწორი მოდელი ჰქონოდა. ითქვა, რომ ნაკლები ფისკალური რისკების გამო PPA მოდელს CFD მექანიზმი ჩაანაცვლებდა.

ეკონომიკის სამინისტრომ სწორედ, CFD-მექანიზმით პირველი აუქციონი წელს გამოაცხადა.

BMGTV-ის გადაცემა #წერტილში „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა, რომ CFD-მექანიზმი ეკონომიკის სამინისტრომ სხვადასხვა უწყებიდან "გამოიბრძოლა".

„არ შემიძლია მადლობა არ გადაუხადო ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც ზუსტად ამ მოცემულობიდან გამოიბრძოლა მხარდაჭერის მექანიზმი სხვადასხვა უწყებიდან, მათ შორის IMF-დან და ფინანსთა სამინისტროსგან, რომელიც დღეს მივიღეთ“, - განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაესვა თუ არა ენერგეტიკაში უძრაობის ხანას წერტილი და რას ცვლის CFD-მექანიზმი დარგისთვის? მან თქვა, რომ „ენერგეტიკა კვლავ საჯილდაო ქვად რჩება“.

„PPA მექანიზმი 2018 წლამდე მოქმედებდა და რამდენიმე ასეული მეგავატი შევიდა 2018 წლამდე ექსპლუატაციაში. 2018 წლიდან ამ მექანიზმის წყვეტა მოხდა. რატომღაც ჩაითვალა, რომ საჭირო არ იყო და ჩვენთვის თურმე გაუგებარ ფისკალურ რისკებს ატარებდა. ჩვენ მუდმივი კამათი გვქონდა მაშინდელ ფინანსთა სამინისტროსთან და მუდმივად ვიმეორებდით, რომ ის საერთოდ არ იყო ფისკალური რისკების მატარებელი. 2018 წლის მერე მან რა შედეგიც მოიტანა ის იყო, რომ 2021 წელს მხოლოდ 15 მეგავატი, ხოლო 2022 წელს 22 მეგავატი გაეშვა.

ენერგეტიკა კვლავ საჯილდაო ქვად რჩება, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე კითხვის ნიშნებს ალბათ აღარ ტოვებს, უნდა იყოს თუ არა საქართველო ენერგოდამოუკიდებელი, რადგან ქვეყანას უნდა შეეძლოს ძირითადი მოხმარების საკუთარი რესურსებით უზრუნველყოფა“, - განაცხადა მან.