მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები ისევ ღიაა" - სასტუმრო მესტიაში

6370a72258f82
მარიამ იზორია
14.11.22 10:15
576
მესტიაში, გასული წლის ზამთრის სეზონი, ფაქტობრივად, ჩავარდა; ამის მიზეზი შეფერხებული ელექტრომომარაგება იყო. ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავდა, რომ მესტიაში მოსახლეობის ნაწილი კრიპტოვალუტის მაინინგის პროცესში იყო ჩართული, რაც მოგეხენებათ, საყოფაცხოვრებოსთან შედარებით, უფრო ჭარბ ელექტროენერგიას საჭიროებს. მზარდ დატვირთვას ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები ვერ უძლებდნენ, რამაც ადგილზე დენის მომარაგებაში პრობლემები შექმნა. ელექტროენერგია სასტუმროებთან ერთად არ მიეწოდებოდა საბაგიროებსაც, რამაც საბოლოოდ, კოვიდ-პანდემიით შეზღუდული ზამთრის ტურისტული სეზონი კიდევ უფრო დაამძიმა.

რა მდგომარეობაა ახლა? - სასტუმროების წარმოამდგენლები bm.ge-სთან აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა არ დგას, თუმცა ზამთრის სეზონის გააქტიურებისა და დატვირთვის გაზრდის შემდგომ რა იქნება - ამაზე წინასწარი პროგნოზების გაკეთება უჭირთ.

„ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები ისევ ღიად არის. ამ წუთას მიწოდების მხრივ შეფერხებები ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა დატვირთვა გაიზრდება, მერე რა იქნება, არ ვიცით. არაფერი შეცვლილა, არც გამოსავალია მოძებნილი. ამდენად, ტურისტული სეზონი რომ დაიწყება და დატვირთვა გაიზრდება, არ ვიცით რა იქნება“, - ამბობს მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბუდეს“ დამფუძნებელი თათია თეთრაშვილი.

სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელიც bm.ge-სთან კიდევ ერთხელ ყვება, რომ გასულ წელს ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდების გამო, ჯავშნები უქმდებოდა. მთავარი პრობლემა კი, გაჩერებული საბაგირო იყო.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს მაინც აღარ გვექნება ის პრობლემები, რაც შარშან გვქონდა. ვგულისხმობ ელექტროენერგიის მიწოდებას. მოგეხსენებათ, ამის გამო შარშანდელი ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, ჩავარდა. ჩვენ, ტურისტული სექტორის წარმომადგენლები, პრობლემის გადასაჭრელად ერთობლივად მივმართავთ ხოლმე შესაბამის სამსახურებს და მათგან ველით რეაგირებას. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაიწყეს მოგვარება და ვნახავთ შედეგს.

ზამთარში დამსვენებლები ძირითადად სათხილამუროდ ჩამოდიან; როცა ელექტროენერგიის გამო საბაგიროები ჩერდებოდა, ჯავშნებიც უქმდებოდა“, - ამბობს „ფალიანის“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები